წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის მეორე მატჩშიც ქართული გუნდი დამარცხდა
წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის მეორე მატჩშიც ქართული გუნდი დამარცხდა
15.10.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ჩემპიონი, წყალბურთის კლუბი თბილისის „დინამო" ჩემპიონთა ლიგაზე აგრძელებს ასპარეზობას. თბილისელებმა ახალი, 2024-2025 წლების სეზონის მეორე ჯგუფური შეხვედრა თბილისის „ოლიმპიკზე" გამართეს. ამჯერად, დინამოელები ახალი მთავარი მწვრთნელის, ბერძენი საკის კეჩაგიასის ხელმძღვანელობით ხორვატულ „იადრანს" დაუპირისპირდნენ და 10-16 (მატჩის სტატისტიკა) დამარცხდნენ.

პერიოდების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, პირველი ტაიმი (3-5, 3-2) მეტ-ნაკლებად თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და სტუმართა 1 ბურთიანი უპირატესობით, 6-7 დასრულდა. გამომდინარე აქედან, „დინამოს" დარჩენილ ორ პერიოდში, თამაშის შემოტრიალების კარგი შანსი ჰქონდა. საინტერესოა რომ დიდ შესვენებამდე, ქართველებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და სპლიტელებმაც, მხოლოდ ტაიმის მიწურულს მოახერხეს ერთი ბურთით დაწინაურება.


თუმცა, ხორვატებმა თამაში, მესამე პერიოდში „გააკეთეს", როდესაც 1-5 მოიგეს. ამასთან, შეხვედრის ამ მონაკვეთში, „იადრანის" წყალბურთელებს გამოსდიოდათ ყველაფერი, საპირისპიროდ „დინამო" ვერა. ამას გარდა, ირაკლი რაზმაძის თამაშის წყალობით, ხორვატებმა, უფრო მეტი სხვაობით გაქცევაც ვერ მოახერხეს. თუმცა, ბოლო მეოთხედის წინ, ანგარიში 7-12 იყო და 5 ბურთიანი სხვაობა, საკმაოდ რთული აღმოსაფხვრელი. ბოლო, მე-4 პერიოდში, თბილისელებმა ონდავ მოუმატეს, თუმცა, ეს მონაკვეთი რეალურად, მხოლოდ ფორმალობა იყო. „იადრანმა" აქაც იმარჯვა 3-4 და საბოლოოდ 6 ბურთით მოგვიგო.


ამ ტურის მეორე დაპირისპირებაში წყალბურთში ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა უნგრულმა „ფერენცვაროშმა", გასვლით შეხვედრაში სერბული „რადნიჩკი" 5-12 დაამარცხა. შესაბამისად, ორი ტურის შემდეგ, B ჯგუფში, რომელშიც „დინამოსთან" ერთდ, „ფერენცვაროში" (უნგრეთი), „იადრანი"(ხორვატია), „რადნიჩკი" (სერბეთი) ასპარეზობენ, ქართული გუნდი, ჯერ-ჯერობით სატურნირო ცხრილში, 0 ქულით ბოლო ადგილზეა.


ქართველების მხრიდან გოლები გაიტანეს: გიორგი მაგრაქველიძემ (2), სანდრო ადეიშვილმა (2), ბორის ვაპენსკიმ (2), საბა ტყეშელაშვილმა (1), ლუკა ჩიქოვანმა (1), ველიკო ტანკოვიჩმა (1) და ბესო ახვლედიანმა (1).


მომდევნო შეხვედრას თბილისის „დინამო" კვლავ სახლში,  29 ოქტომბერს, ოლიმპიკზე გამართავს და ამჯერად, სერბულ „რადნიჩკისთან", რომელსაც უნგრული „გაკვეთილის" შემდეგ, ალბათ, გაათმაგებული მოტივაცია ექნება.

 


ფოტო: championsleague.len.eu / დინამო თბილისი