ზოგჯერ სტატისტიკა და ანგარიში ტაბლოზე საპირისპიროს გიჩვენებს
ზოგჯერ სტატისტიკა და ანგარიში ტაბლოზე საპირისპიროს გიჩვენებს
12.10.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს პოზნანში, უეფა-ს ერთა ლიგის B დივიზიონის მე-2 ჯგუფის მესამე შეხვედრა გამართა უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ და მინიმალური ანგარიშით 1-0 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ტექნიკურ ოქმში, თუ არ ჩავთვლით ტაბლოზე დაფიქსირებულ ანგარიშს, ქართული გუნდის სასარგებლოდ იყო, თუმცა, ვილი სანიოლის გუნდმა, პირველ ტაიმში დაშვებული შეცდომის გამო (რეალურად ეს არ იყო ერთადერთი შეცდომა, განსაკუთრებით მატჩის ამ მონაკვეთში), გოლი გაუშვა, რაც საბოლოოდ, გადამწყვეტი გამოდგა.


„თამაშის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. ბევრად უკეთესი შესაძლებლობები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა, მაგრამ გავდივართ გზას, რომლის შემადგენელი ნაწილი მარცხიც არის. ორივე გუნდს მძიმე პირობებში მოგვიწია თამაში, რაც ხარისხზე აისახა. ამ პირობებში, ვერ ვითამაშეთ იმ დონეზე, რა დონეზეც წინა თამაშები ჩავატარეთ, თუმცა თავს არ ვიმართლებთ. რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ ძალები და მომდევნო მატჩში მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, გავაანალიზებთ დღევანდელ შეხვედრას და შემდეგ თამაშს, საკუთარ მოედანზე, უკეთ ჩავატარებთ. განვიცდით დღევანდელ მარცხს, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. ეს ჩვენი გზის ნაწილია", - იტყვის თამაშის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც ამ დღეს, ეროვნული ნაკრების მაისურით 120-ე მატჩი ჩაატარა და რომელიც პირველ ტაიმში, ავსტრიელმა მსაჯმა ყვითელი ბარათით დაასაჩუქრა.


სხვათა შორის, კაშოსადმი ნაჩვენებ ყვითელ ბარათამდე, ავსტრიელმა მსაჯმა, ჩვენს მოწინააღმდეგეს, უკრაინის ნაკრებს, რამდენიმე მომენტი გაუტარა. აქვე ვიტყვით, რომ ჩვენი მეტოქე საკმაოდ უხეშ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობდა, შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს უპირობობაში, ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნებათ.


თამაშის შემდეგ, ვილი სანიოლი იტყვის, რომ მის გუნდს, მატჩის დაწყებიდან გარკვეული პერიოდი დააკლდა აგრესიულობა და ინტენსიურობა. თამაშის საწყისი წუთების არასტაბილურობაზე, კომენტარში ოთარ კიტეიშვილიც ისაუბრებს, რომელიც ჩვენი აზრით, ამ შეხვედრაში საუკეთესო იყო, თუმცა, ერთ ეპიზოდში (მეორე ტაიმი გვაქვს მხედველობაში), მასაც შეეძლო დროულად, მარჯვენა ფლანგით შეტევის უკეთესი განვითარება მოეძებნა. ყოველ შემთხვევაში მონიტორზე ასე ჩანდა, შესაბამისად, რეალური სურათს, თბილისიდან ბოლომდე ვერ განვსაზღვრავთ.


ფაქტია, რომ გაშვებულ გოლს, მოედნის უვარგისი საფარი (რაც ტელეეკრანიდანაც კარგად ჩანდა და თამაშის შემდეგ, ბიჭებმაც აღნიშნეს) რომ დავივიწყოთ, პოზნანში, წინ უსწრებდა კიდევ ერთი, შესაძლოა ბევრისთვის უმნიშვნელო დეტალი, რამაც საერთო ჯამში, თამაშის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია - შეხვედრა რამდენიმე პროჟექტორის ჩაქრობის გამო, 5 წუთი იყო შეჩერებული. თითქოს არაფერი, თუმცა, საქართველოს ნაკრების რიტმი, რომელიც ბოლო შეხვედრების დინამიკას თუ დავაკვირდებით, სწორედ მე-10 წუთიდან უმატებს, რეალურად შეწყდა...


ბუნებრივია, ბევრისავით ბნელ ოთახში შავი და ისიც, თვალებდათხრილი კატის ძებნას არ ვაპირებთ, თუმცა, ფაქტია, რომ ამ შესვენების შემდეგ, ქართველთა გუნდს, ცოტა მუღამი დააკლდა და მხოლოდ, ტაიმის მიწურულს მოახერხა საკუთარი თავი ეპოვა. მეორე ტაიმი, აშკარად ქართველთა მხარეს იყო, თუმცა, გოლი არ გავიდა.


„საერთო ჯამში გოლის გატანის მეტი შესაძლებლობა გვქონდა და სწორედ ამიტომაა ეს მარცხი უფრო მეტად გულდასაწყვეტი. თუმცა, როდესაც თამაშს იწყებ ისე, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ, მარცხი გასაკვირი არ არის. წარმატებული პერიოდის შემდეგ, ეს წაგება გამოსაფხიზლებლად უნდა გამოვიყენოთ. ფეხბურთში იოლი მატჩები არ არსებობს და თუ მაღალ დონეზე გსურს გააგრძელო თამაში, თითოეულ მატჩს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას უნდა შეხვდე", - ამბობს ვილი სანიოლი მატჩის დასრულების შემდეგ.


მარცხის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფის ლიდერია და უახლოესი შეხვედრა 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხზე აქვს, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ. ჩვენი გუნდი, თბილისში დღეს დაბრუნდება, ხვალ კი, მომავალი მატჩის წინა რუტინული დღეა.

 


სფფ-ის ფოტო

სტატია რედაქტირებულია 12.10.24, 12:00