ალბანეთთან ის თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომელსაც შეჩვეულები ვართ
ალბანეთთან ის თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომელსაც შეჩვეულები ვართ
12.10.2024
ავტორი: მარიამ მესხი

უკრაინა-საქართველოს საფეხბურთო მატჩის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მესაჭე ოთარ კიტეიშვილი იტყვის, რომ გუნდი 20-25 წუთი თამაშში ვერ ჩაერთო. დროის ამ მონაკვეთში, სტადიონის განათებას პრობლემა შეექმნა და თამაში მინიმუმ 5 წუთი შეჩერდა. ამან, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, ქართველების რიტმი დააგდო. ამას დაემატა მინდვრის საფარის პრობლემაც. ძალაუნებურად, პარალელის გავლება შოტლანდია-საქართველოს მატჩზე მოგვიწია, გემახსოვრებათ თავსხმა წვიმა, რომლის გამოც თამაში შეჩერდა. 

„მინდვრის საფარი არ იყო ისეთი, როგორსაც ველოდებოდით, როგორზეც მაღალი ხარისხის ფეხბურთის თამაში შეიძლებოდა, თუმცა ეს ორივე გუნდისთვის ასე იყო და ამას მიზეზად ვერ ვიტყვით. პირველი 20-25 წუთის მანძილზე, თამაშში ბოლომდე ვერ ჩავერთეთ და დავისაჯეთ კიდეც. არ მგონია, რომ მეტოქის შეფასების პრობლემა გვქონდა. ვიცით, რომ უკრაინის ნაკრები ჯგუფის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა, მიუხედავად იმისა, რომ 0 ქულა ჰქონდა. სამ დღეში გვაქვს მომდევნო თამაში. აუცილებელია დასვენება, ძალების აღდგენა და ალბანეთთან მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად მომზადება იმისთვის, რომ უკვე თბილისში, სახლში ვაჩვენოთ ის შედეგი და თამაშის ხარისხი, რომელსაც შეჩვეულები ვართ", - ამბობს ოთარ კიტეიშვილი.


საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.


უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ფოტო