საქართველოს ნაკრებმა რთული თამაში ცუდ მოედანზე წააგო
საქართველოს ნაკრებმა რთული თამაში ცუდ მოედანზე წააგო
12.10.2024
ავტორი: მარიამ მესხი

დღეს პოზნანში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ერთა ლიგის B ჯგუფის მორიგი კალენდარული მატჩი გამართა უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, მედიისთვის კომენტარი გიორგი მამარდაშვილმა გააკეთა.


„რთული თამაში გამოვიდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ფეხბურთი იყო. იმიტომ, რომ ამ სტადიონზე ფეხბურთის თამაში შეუძლებელია. მინდორი საშინელ მდგომარეობაში იყო.


უნდა გავაგრძელოთ შრომა, მუშაობა და გამოვასწოროთ ეს თამაში, რაც დღეს იყო. ორივე გუნდისთვის რთული თამაში იყო, სამწუხაროდ, მათ გაიტანეს გოლი და გაიმარჯვეს. კარგი სერია გვქონდა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ დაბრუნდები წაგებული თამაშის შემდეგ და როგორ გააგრძელებ იმ ყველაფრის კეთებას, რასაც აქამდე აკეთებდი.


ისეთი არაფერია, რომ თავი დავხაროთ და არ გავაგრძელოთ ჩვენი საქმე. პირიქით, თავი მაღლა უნდა ავწიოთ, შევინარჩუნოთ ის ერთიანობა, რაც აქამდე გვქონდა, როგორც ფეხბურთელებმა, ასევე გულშემატკივრებმა და ერთად გავაგრძელოთ სხვმა იმ მიზნისკენ, რაც გვაქვს თითოეულ ქართველს", - ამბობს გიორგი მამარდაშვილი.


საქართველოს ეროვნული ნაკრები მომდევნო შეხვედრას 14 ოქტომბერს, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.


სფფ-სა და უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ფოტო