კალათბურთში საქართველოს ჩემპიონმა „ქუთაისი 2010"-მა დღეიდან ფიბა-ს ევროპა თასის ტურნირზე დაიწყო ასპარეზობა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი, აღნიშნულ გათამაშებაში ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მარცხის შემდეგ ავტომატურად გადმოერთო. ქართული კლუბი J ჯგუფში თამაშობს სლოვაკურ „პრიევიდზასთან", ესპანურ „ბილბაო ბასკეტთან" და ბულგარულ „ბალკანთან" ერთად.
საქართველოს ჩემპიონი ტურნირის სასტარტო შეხვედრაში, სლოვაკეთში „პრიევიზდას" გულშემატკივრით გადავსებულ დარბაზში დაუპირისპირდა და 8 ქულიანი სხვაობით 77-69 წააგო (მატჩის სრული სტატისტიკა). ალბათ, ყველაზე საინტერესო და გულდასაწყვეტი ისაა, რომ ქართულმა კლუბმა, თამაში მესამე მეოთხედში დათმო, როცა რამდენიმე წუთის მანძილზე ქულების აღება ვერ მოახერხა, დაუშვა საკმაოდ მიამიტური შეცდომები დაცვაში. მასპინძლებმა კი ამით ისარგებლეს და 10 ქულიანი გაქცევა მოგვიწყეს. არადა, „ქუთაისი 2010"-მა პირველი და მეორე მეოთხედები 17-18, 20-22, შესაბამისად, ტაიმი 37-40 მოიგო.
„ქუთაისი 2010"-მა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო - ბექა ბექაური, მიშა ბერიშვილი, კაკი დვალიშვილი, გიორგი კორსანტია და გიორგი სულაბერიძე. ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ კოტე ტუღუშმა, განაცხადში მყოფი 12 კალათბურთელიდან, პარკეტზე მხოლოდ 8 გამოუშვა. ქართველთა შორის ყველაზე შედეგიანი გიორგი კორსანტია იყო, რომელმაც საბოლოოდ 24 ქულა და 11 მოხსნა დაიგროვა. სხვათა შორის, მესამე მეოთხედში, სლოვაკური კლუბის „ცალფარა", სწორედ კორსანტიას ორმა ქულამ შეაჩერა. 18 ქულა ჰქონდა კაკი დვალიშვილს. თუმცა, ამ ორი კალათბურთელის გარჯა, სასტარტო შეხვედრაში არ გამოდგა საკმარისი. მიუხედავად იმისა, რომ მესამე მეოთხედის დასრულებამდე 3:43 წუთით ადრე, ქუთაისელებმა, კაკი დვალიშვილის სროლის შემდეგ, მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება (50-50), აღნიშნული მონაკვეთი 24-12 წააგეს და დასკვნითი პერიოდის წინ, 9 ქულით აგებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ტუღუშის გუნდმა ბოლო მონაკვეთი 16-17 მოიგო, ქართულმა გუნდმა საბოლოოდ, ფიბა ევროპის თასის სასტარტო ჯგუფური შეხვედრა წააგო.
აქვე გეტყვით ქუთაისური კლუბის მატჩების განრიგს, რომელთაგან საშინაო შეხვედრებს ისინი თბილისში, „თბილისის არენაზე" გამართავენ. ასე, რომ ვისაც კალათბურთი უყვარს, ყველას მოვუწოდებთ, ქართული კლუბის საქომაგოდ დაესწრონ თამაშებს. რაც შეეხება კალენდარს, ქართული გუნდის გრაფიკი ასე გამოიყურება:
16 ოქტომბერი / 20:00 / „ქუთაისი 2010" - „ბილბაო"
23 ოქტომბერი / 20:00 / „ბალკანი" - „ქუთაისი 2010"
30 ოქტომბერი / 20:00 / „ქუთაისი 2010" - „პრიევიდზა"
6 ნოემბერი / 23:00 / „ბილბაო" - „ქუთაისი 2010"
13 ნოემბერი / 20:00 / „ქუთაისი 2010" - „ბალკანი"
ფოტო: (c) FIBAEuropeCup