ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატი სახელწოდებით "ლიგა ენდესა" დაიწყო ესპანეთში, სადაც 18-მა გუნდმა პირველი ტურის მატჩები ითამაშა. გამარჯვებით დაიწყო ჩემპიონატი გიორგი შერმადინის ტენერიფემ, რომელსაც მთავარი სპონსორი და შესაბამისად, სახელწოდება შეეცვალა. ტენერიფულ კლუბს ამ სეზონიდან "ლა ლაგუნა" ჰქვია, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ბასკონია დაძაბულ ბრძოლაში 88-80 დაამარცხა.
თამაში ძალიან დაძაბული გამოდგა, ბოლო პერიოდამდე მცირე უპირატესობას ბასკები ფლობდნენ და 3 ქულით იგებდნენ, მაგრამ ტენერიფემ გადამწყვეტი მეოთხედი უკეთ ჩაატარა (27-16) და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმა.
შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და არასრულ 20 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 7 გამოდგა.
ტენერიფე ლიგა ენდესას მეორე ტურის მატჩს 5 ოქტომბერს, სტუმრად ბრეოგანის წინააღმდეგ ჩაატარებს.
ვიდეო-კადრები მატჩიდან