გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეხუთე ტურში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ" „შალკეს" უმასპინძლა. ბუდუს დუბლით მასპინძლებმა 2-0 იმარჯვეს, ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგეს და მორიგი სამი ქულა მიითვალეს.
ქართველმა ფორვარდმა ანგარიში პირველი ტაიმის დამატებულ მესამე წუთზე გახსნა, საბოლოო ანგარიში კი, 73-ე წუთზე დააფიქსირა.
5 ტურის შემდეგ „კარლსრუე" 13 ქულით სატურნირო ცხრილს ლიდერობს, ბუდუ ზივზივაძე კი, 6 გოლით ბომბარდირთა სიის ლიდერია.
მომდევნო შეხვედრას „კარლსრუე" 22 სექტემბერს, სტუმრად „მაგდებურგის" წინააღმდეგ გამართავს.
საფრანგეთის ლიგა 1-ში პირველი სამი ქულა მოიპოვა ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა", რომელმაც „ლილი" მინიმალური სხვაობით, 1-0 დაამარცხა.
ზუკამ, აღნიშნულ შეხვედრაში ლიგა 1-ში „ანგარიში გახსნა" და პირველი საგოლე გადაცემა შეასრულა. მატჩის მეექვსე წუთზე დავითაშვილმა ბურთი ჯერ ტექნიკურად მიიღო და შედეგიანი გადაცემით მათიუ კაფაროს გაატანინა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ნახევარმცველმა „ლილის" წინააღმდეგ მატჩში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
4 ტურის შემდეგ, „სენტ ეტიენი" 3 ქულით მე-15 ადგილზეა. მეხუთე ტურში, ზურიკოს გუნდი 20 სექტემბერს, სტუმრად, „ნიცას" დაუპირისპირდება.
სტატიაში გამოყენებულია © karlsruhersc -სა და © asseofficiel-ის ფოტოები