ქართველმა ჯუდოკებმა ზაგრების გრან პრი ბრინჯაოს მედლით გახსნეს. -66კგ წონით კატეგორიაში თენგო ზირაქიშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიგო. ქართველმა, ასპარეზობა პირველი წრიდან დაიწყო და ბადის მოსაგებად ჯერ პოლონელი, შემდეგ აზერბაიჯანელი და ბოლოს უნგრეთის წარმომადგენლები დაამარცხა. 1/2 ფინალში მცირე უყურადღებობის გამო დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელა ბრძოლა. სადაც, ისრაელის წარმომადგენელ ერან ფრიკს დაუპირისპირდა. შეხვედრის შუა წელში თენგომ მეტოქეს ვაზარი აუღო. ორთაბრძოლის დასრულებამდე კი, ავასატე ოპინით მოახერხა გამარჯვება.
დღესვე, პირველი წრიდან დაიწყო და ორი ორთაბრძოლა მოიგო -60კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლუკა მოდებაძემ, თუმცა, ბადიდან გასავლელი დაპირისპირება ჩვენიანმა წააგო და რეპეშაჟში გადაერთო, სადაც სამწუხაროდ უკრაინელ არტიომ ლესიუკთან წააგო და მედლისთვის ბრძოლა ვეღარ გააგრძელა.
მაშინ როდესაც, ქართული გუნდის პირველი ნომრები, პარიზის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, რეალურად, ჯერ კიდევ ისვენებენ და სახელდახელო, თვითდინებაზე მიშვებული ტროფი-ტურის მსგავსი აქვთ, პარალელურად კი, ახალი ტურნირებისთვის ძალებს იკრებენ, IJF-ის მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, დღეს, ზაგრების გრან პრიმ აიღო სტარტი. განსხვავებით, ზაგრების 2023 წლის გარნ პრიდან, სადაც ქართული გუნდი მხოლოდ სამი ჯუდოკათი იყო წარმოდგენილი, ამჯერად, ტატამზე შვიდ ქართველს ვიხილავთ. ქართველები მხოლოდ ერთ წონაში, -100 კგ-ში არ იასპარეზებენ. სამაგიეროდ, გაორებული წონა გვაქვს -90 კგ-ში.
ხვალ, ზაგრებში მედლების მორიგი კომპლექტები გათამაშდება. ქართული გუნდიდან -73კგ წონით კატეგორიაში ბაჩანა ბოლქვაძე, -81კგ წონაში კი, კოტე კაპანაძე სცდიან ბედს.
ტურნირის დასკვნით დღეს, ზაგრებში ქართული გუნდიდან მედლების მოგებას შეეცდებიან:
-90 კგ გიორგი ჯაბნიაშვილი და აკაკი ჯაფარიძე
+100 კგ უჩა ტაბატაძე
ფოტო: © IJF