საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, დღეს ვერ მოახერხა ნიდერლანდებში ქულის აღება და ევროპის 2025 წლის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსები, შესარჩევი საკვალიფიკაციო ეტაპის დარჩენილი ორი მატჩისა და იქ ასაღები საჭირო 4 ქულის იმედად დატოვა.
რამაზ სვანაძის გუნდმა, თამაში, ცოტა შებოჭილად დაიწყო და ეს, მალევე ანგარიშში აისახა. გოლი მე-4 წუთზე გავუშვით. ქართველთა გუნდისთვის, რომლებმაც ბათუმში, რამდენიმე დღის წინ, მოლდოვას წინააღმდეგ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარეს, ეს, ცივი შხაპის ტოლფასი იყო. გოლი ემეგამ გაგვიტანა და მანვე მე-18 წუთზე კიდევ, ერთხელ აიღო ლუკა ხარატიშვილის კარი, რომელიც, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, დღევანდელ შეხვედრაში საუკეთესო იყო ქართველთა გუნდიდან, ლაშა ოდიშარიასთან ერთად - ეს უკანასკნელი, თამაშიდან-თამაშამდე გუნდში სტაბილურობის გარანტად ყალიბდება. ალბათ, რომ არა ქართველი ახალგაზრდების მეკარის კარგი თამაში, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ანგარიში ბევრად დიდი იქნება. სხვათა შორის, ქართული გუნდის საწყისი წუთების მიზეზი, ალბათ, სვანაძის რაზმში, იძულებითი ცვლილება იყო. საბა საზონოვმა, რომელსაც მაღალი სიცხე ჰქონდა თამაში ვერ მოახერხა.
საქართველოს ნაკრებმა, მეორე გაშვებული გოლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, გონზე მოსვლა დაიწყო და რამდენიმე საინტერესო შეტევაც ჩაიწერა აქტივში. 31-ე წუთზე კი, ოთო მამაგეიშვილის მორიგი მცდელობა გოლით დასრულდა. თითქმის მოედნის ცენტრიდან, საბა ხვადაგიანის გამოზომილი გადაცემის შემდეგ, მამაგეიშვილმა უძლიერესი დარტყმით, ერთი ბურთის გაქვითა მოახერხა. შესვენებამდე, ორი მომენტი ვერ გამოიყენეს მასპინძლებმა, უფრო სწორედ, კარგად ითამაშა ხარატიშვილმა.
უშანსოდ, სვანაძის გუნდი, არც მეორე ტაიმში იყო. განსაკუთრებით, მინდორზე შეცვლაზე შემოსული ვასილიუს გორდეზიანის გამოჩენის შემდეგ. თუმცა, მანამდე, ქართველთა კარში 71-ე წუთზე ოჰიომ მესამე გოლი გაიტანა. მასვე, გერმანელი მსაჯის მიერ „მოგონილი" 11-მეტრიანის გატანა და დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა, დარტყმა იმდენად უვარგისი იყო, რომ ხარატიშვილი, მის ასაღებად არც კი განძრეულა. გორდეზიანმა კი, მატჩის მიწურულს, ორი აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, აქედან ერთი ძელმა მოიგერია.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, უეფა-ს 2025 წლის ევროპის საკვალიფიკაციო მატჩი, ნიდერლანდებში 3-1 წააგო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ქართულ გუნდს 16 ქულა აქვს და ვიდრე, მეორე ადგილისთვის უშუალო კონკურენტი, შვედეთის ნაკრები 10 სექტემბერს, მოლდოვაში, ადგილობრივ ახალგაზრდულს დაუპირისპირდება, ჩვენ მდევარს, კვლავ 3 ქულით ვუსწრებთ. აქვე გეტყვით, რომ თუკი ხვალ, შვედები მოლდოვას დაამარცხებენ, სვანაძის გუნდი, შვედებთან ერთად, მეორე-მესამე ადგილებს გაიყოფს და დიდი ალბათობით, ოქტომბრის სანაკრებო და ჩვენი ნაკრებისთვის ბოლო ფანჯარაში, შვედებთან აუცილებლად დადებითი შედეგი გვჭირდება.
იხილეთ მატჩის ოქმი
ფოტო: TSFF.Ge არქივიდან