კოტე ტუღუშის „ქუთაისი 2010“-მა მეორე სპარინგიც მოიგო
კოტე ტუღუშის „ქუთაისი 2010“-მა მეორე სპარინგიც მოიგო
09.09.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

კოტე ტუღუშის გუნდმა დღეს, ლატვიაში, მეორე საწვრთნელი სპარინგი გამართა და ამჯერადაც გაიმარჯვა. ევროტურნირების წინ, საწვრთნელ შეხვედრაზე მყოფმა „ქუთაისი 2010"-მა ამჯერად, ესტონეთის ვიცე-ჩემპიონი „პამუ სადამი" 77-91 დაამარცხა.

„მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები გვქონდა, ვთვლი რომ კარგად ვითამაშეთ. შესაბამისად, დარჩენილ დროში, სწორედ, ამ შეცდომების გამოსწორებაზე უნდა ვიმუშაოთ. ზოგადად, კმაყოფილი ვარ ბიჭების ფიზიკური მომზადებით", - ამბობს მატჩის დასრულების შემდეგ კოტე ტუღუში, რომლის გუნდმაც მესამე მეოთხედის გარდა, ყველა მოიგო 22-27, 16-19, 23-21, 16-24.


ტუღუშმა დღეს, მის განკარგულებაში მყოფი 12 მოთამაშიდან, პარკეტზე 10 გამოუშვა. ქუთაისელთაგან საუკეთესო მექულე გიორგი სულაბერიძე იყო, რომელმაც 20 ქულის დაგროვება მოახერხა. სხვათა შორის, გიორგი ყველაზე შედეგიანი იყო ორივე გუნდში. 16 ქულა გამოცდილი მიხეილ ბერიშვილის ანგარიშზეა, 14-14 ქულა კი, კაკი დვალიშვილისა და გიორგი კორსანტიას ანგარიშზეა. ყველაზე მეტი, 35 წუთამდე დაჰყო პარკეტზე გიორგი ოჩხიკიძემ, რომელმაც საბოლოოდ 9 ქულა დააგროვა, 8 ქულა ჯოშუა ფორტუნის, 6 ქულა და 6 მოხსნა ბექა ბექაურის, 4 ქულა კი ბაქარ ბერეკაშვილის ანგარიშზეა.




შეგახსენებთ, რომ „ქუთაისი 2010", ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის 26 აგვისტოდან ემზადება. ქუთათურთა გუნდში, ამ მომენტისთვის ირიცხებიან: ბაქარ ბერეკაშვილი (#0), ელაია ჯოინერი (#2), ნიკოლოზ სოსელია (#3), გიორგი ოჩხიკიძე (#7), დაჩი ქავთარაძე (#8), თემო დვალიშვილი (#10), გიორგი კორსანტია (#12), გიორგი სულაბერიძე (#15), მიხეილ ბერიშვილი (#17), ჯოშუა ფორტუნი (#18), აკაკი დვალიშვილი (#21),ბექა ბექაური (#33).


„ქუთაისი 2010"-ი ბალტიისპირულ შეკრებაზე კიდევ ორ სპარინგს გამართავს. ამის შემდეგ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თურქეთში გაემგზავრება და 18 სექტემბრიდან ანტალიაში ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყებს ასპარეზობას.


„ქუთაისი 2010"-ის ფოტოები