„ლანჩხუთმა“ „ნეფთჩის“ მოუგო, სარეიტინგო პოზიცია გაიმყარა, თუმცა, გათამაშებას გამოეთიშა
„ლანჩხუთმა“ „ნეფთჩის“ მოუგო, სარეიტინგო პოზიცია გაიმყარა, თუმცა, გათამაშებას გამოეთიშა
09.09.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ლიგა 21 სექტემბრიდან განახლდება. მანამდე კი, საქართველოს ქალთა შორის მოქმედმა ჩემპიონმა, უეფა-ს 2024-2025 წლების ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა. ოთხთა ტურნირი, მოგეხსენებათ, ქუთაისსა და წყალტუბოში ჩატარდა. ტურნირის ფორმატით, თავდაპირველად გუნდები 1/2 ფინალებში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. გამარჯვებულებმა მომდევნო ეტაპზე გასასვლელი საგზური გაითამაშეს. დამარცხებულებმა კი, მესამე ადგილისთვის და ქალთა შორის საკლუბო რეიტინგში ადგილის გასაუმჯობესებლად იბრძოლეს.

„ლანჩხუთმა", სამწუხაროდ, ქუთაისის რამაზ შენგელიაზე გამართული შეხვედრა ალბანურ „ვლაჟნიასთან" 3-0 დათმო. სამწუხაროა, რომ გუნდმა, რეალურად პირველი ტაიმის მიწურულს და მატჩისთვის დამატებულ დროში გაუშვა ორი გოლი, რაც საბოლოოდ, გადამწყვეტი გამოდგა. ამასთან, ტაიმის შემდეგ, ქართული კლუბის მთავარი მწვრთნელი, იძულებული იყო შეეცვალა მეკარე, რომელიც მოედანს ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა, და 4 სექტემბრის მატჩში, ტრავმამ თავი შეახსენა. ასეა თუ ისე, „ლანჩხუთი" მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო და იქ, მეზობელი აზერბაიჯანის „ნეფთჩის" დაუპირისპირდა.


ანგარიში, მე-13 წუთზე გურულთა ლეგიონერმა, რამირესმა გახსნა. საკმაოდ თანაბარ ორთაბრძოლაში, რაზეც მატჩის სტატისტიკაც მიუთითებს, აზერბაიჯანულმა გუნდმა მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე, 53-ე წუთზე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება. თუმცა, „ლანჩხუთმა", ორ წუთში, სტატუს-კვო აღადგინა. 55-ე წუთზე გოლი ეთერ სულაშვილმა გაიტანა. საბოლოოდ კი, საქართველოს ჩემპიონმა 2-1 მოიგო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკლუბო სარეიტინგო ქულებიც მიიმატა. ამ შესარჩევი ციკლის შემდეგ, 7200 ქულით, ევროპის 121 ქალთა კლუბს შორის, 64-ე ადგილზე არიან.


26-ე ადგილზე არის ქართველი ქალი ფეხბურთელის გულნარა გაბელიას ყაზახური „ბიიკი", რომელმაც 1/2 ფინალური შეხვედრა მოიგო და გემახსოვრებათ, ჩვენ ვწერდით, რომ დუბლი სწორედ გაბელიას ანგარიშზე იყო, 9 სექტემბერს, „გალათასარაისთან" 0-5 დამარცხდა.


ასე, რომ ამ მხრივ, ქალთა შორის ჩემპიონთა ლიგაზე, 2024-2025 წლების სეზონში ქართველებს ჩვენებური საქომაგო აღარ დაგვრჩა.



ქსკ „ლანჩხუთის" ფოტო