პარალიმპიური თამაშების დასრულებამდე ერთი დღით ადრე ქართულმა გუნდმა ყულაბა კიდევ ერთი მედლით შეავსო. მორიგი ვერცხლის მედალი პარაჯუდოკას რევაზ ჩიკოიძის ანგარიშზეა.
+90 კგ (კატეგორია J2) მოასპარეზე ქართველი ფინალში, თურქ იბრაჰიმ ბოლუქბასისთან ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ასპარეზობა კი, ჩიკოიძემ 1/4 ფინალიდან დაიწყო, სადაც ჯერ ინდონეზიელ ტონი რიკარდო მანტოლასი, შემდეგ კი, 1/2 ფინალში ყაზახი ზურკამურზა შუკურბეკოვი იპონებით დაამარცხა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის პარალიმპიური თამაშები, მეორე იყო ქართველისთვის. შეგახსენებთ, რომ ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე მან ასევე ვერცხლის მედალი მოიგო.
დღეს, პარიზის პარალიმპიადაზე იასპარეზა კიდევ ერთმა ქართველმა პარაჯუდოკამ - ლაშა ყიზილაშვილმა, რომელმაც ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა უზბეკ დავურკონ კარომატოვთან დათმო.
ხვალ, პარიზში, მედლების ბოლო კომპლექტები გათამაშდება. ერთ-ერთ სახეობაში, 14 კაციანი ქართული გუნდის (რომელთაგან რვამ მედალი მოიგო), ბოლო წარმომადგენელი, პარაწოლჭიმელი აკაკი ჯინჭარაძე (+107 კგ) იასპარეზებს.
სტატია რედაქტირებულია 08.09.2024 / 14:00
სპორტის სამინისტროს ფოტოები