სტარტი კარგია, კვარა, ჩაკვე, ბომბარდირი და ხავის მეგობარი - ვინც მოინდომა ყველამ გაიტანა!
სტარტი კარგია, კვარა, ჩაკვე, ბომბარდირი და ხავის მეგობარი - ვინც მოინდომა ყველამ გაიტანა!
07.09.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მსაჯმა, მატჩის ძირითად დროს მხოლოდ, 4 წუთი დაამატა. ნათელი იყო, რომ დღევანდელ შეხვედრაში, რომელიც თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, უეფა-ს ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის სასტარტო შეხვედრაში ჩეხეთი 4-1 დაამარცხა, სტუმარ გუნდს მე-80 წუთზე გატანილი გოლის გარდა, არც დარჩენილ დროში ჰქონდათ რამის გაკეთების თავი და თუ არ ჩავთვლით, შეხვედრის პირველ 20 წუთს, არც მთელი მატჩის მანძილზე.

საწყის წუთებზე, ცოტა ვინერვიულეთ, მე-6 წუთზე „მამარდას" უკვე, კარგი სეივი ჰქონდა. ჩეხეთი აქტიურობდა და საპირისპიროდ, ჩვენ, კარისკენ, რეალურად დარტყმული არ გვგქონდა. ამას გარდა. აი, მე-20 წუთიდან კი, საქართველოს ნაკრებმა, ცოტა შეცვალა თამაშის სტილი და შეეცადა ჩაკვეტაძისა და კვარაცხელიასთვის სივრცეები გამოენთავისუფლებინა. შედეგმა არ დააყოვნა - ჩეხები, რომლებიც საკმაოდ უხეშ ფეხბურთს თამაშობდნენ, იძულებული გახდნენ საკუთარ საჯარიმოში კვარაცხელია პენალტის სანაცვლოდ შეეჩერებინათ. თუმცა, „კვარამ" ის გოლი მაინც გაიტანა და ახლა ციკლში, ქართული გოლების ათვლა დაიწყო.


საქართველოს ნაკრები მეორე ტაიმში „სხვა" გუნდი გამოვიდა - უფრო კონცენტრირებული და დაგეშილი. ეს შედეგშიც მალე აისახა. საგოლე კომბინაცია, ამჯერად ხვიჩამ წამოიწყო და გიორგი ჩაკვეტაძემ, 53-ე წუთზე, ცივსისხლიანად დააბოლოვა. ამბიციური ჩეხებისთვის, ეს ცივი წყლის გადასხმა იყო, გადახურებულ თბილისში, სადაც საღამოსკენ, მაინც აგრილდა. კიდევ ათ წუთში, 63-ე წუთზე ლუკა ლოჩოშვილმა, რომელმაც საკმაოდ კარგად მოირგო ახალი ფუნქცია, საგოლე პოზიციაზე გაიყვანა გიორგი მიქაუტაძე და „მიყვარს ბომბარდირმაც", მორიგი გოლი გაიფორმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.


ალბათ, რამდენიმე დღეში, კიდევ ერთი თამაში რომ არ ყოფილიყო, ისეთ სვლაზე იყო ვილის გუნდი, რომ კიდევ ბევრ გოლს გაიტანდა. მითუმეტეს, რომ 66-ე წუთზე კიდევ ერთი გოლი, ხავის გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. სადებიუტო გოლი, რომელიც „ქოჩორამ", „ჩაკვეს" პასით გაიტანა, საკმაოდ ორიგინალურად აღნიშნა.


ტრიბუნაზე იყო მოლოდინი, მინდორზე ბუდუს გამოსვლის და მისი გოლის. ბუდუ ზივზივაძე შეცვლაზე შემოვიდა, თუმცა, ამჯერად, გოლის გარეშე დატოვა მოედანი.


ვილი სანიოლიმ მოედანზე შემოუშვა და ეროვნულ ნაკრების შემადგელობაში თამაში აგემა შოთა ნონიკაშვილს, საბა გოგლიჩძეს. ითამაშა გიორგი გოჩოლეიშვილმაც.


მთლიანობაში, შეხვედრაში (თუ ჰამბურგში გამართულ ჩეხებთან დაპირისპირებას შევადარებთ) დღეს, საქმე არ ჰქონდა „მამარდას". საუკეთესო კი, ჩვენი აზრით გიორგი ჩაკვეტაძე იყო, კვარასთან ერთად. კიტემ, დიდი და ბევრი შავი სამუშაო შეასრულა. მთლიანობაში, დაცვის ხაზმა ფიზიკურად ძლიერ და ათლეტურ ჩეხებთან ბრძოლას კარგად გაართვა თავი და ზოგადად, გუნდმა კარგად ითამაშა. ალბათ, ისე, როდესაც ვინმეს გამოყოფა გიჭირს და დამსახურებულადაც გაიმარჯვა 4-1. ის ერთი გაშვებული გოლიც, ჩვენი აზრით, უფრო მოდუნების ბრალი იყო, რადგან არ მგონია, სხვა შემთხვევაში, მამარდაშვილის მოგერიებულ ბურთზე, გუშინდელ მატჩში, ასე დაესწრო მეტოქეს თამაში.


საქართველოს ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგის მეორე შეხვედრა 10 სექტემბერს, ტირანაში, ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი მორიგი მატჩის გასამართად ხვალ გაემგზავრება ჩარტერული რეისით.