ზოგჯერ წნეხი საჭიროა, თუმცა, ამაღლებული განწყობაც წარმატების საწინდარია
ზოგჯერ წნეხი საჭიროა, თუმცა, ამაღლებული განწყობაც წარმატების საწინდარია
06.09.2024
ავტორი: მარიამ მესხი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის პირველი ტურის მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ, ხვალ, მიხეილ მესხის სტადიონზე გამართავს. მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ვილი სანიოლიმ და გურამ კაშიამ უპასუხეს.


ვილი სანიოლი: „ჩეხეთსა და საქართველოს ნაკრები, ბუნებრივია, იმავე ფეხბურთს ითამაშებენ, როგორც ევროზე იყო. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ჩეხეთს სპეციფიკურ ფეხბურთს თამაშობს და ვეცდებით, უკეთესი მატჩი ვაჩვენოთ, ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე იყო. ვეცდებით, სამი ქულა მოვიპოვოთ.


ხოჭოლავამ დაასრულა კარიერა, კვერკველიას არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა. ჩვენ იძულებული ვიყავით, გამოგვეძახა ახალი ფეხბურთელები. გოგლიჩიძეს კარგად ვიცნობთ 21-წლამდე ნაკრებიდან, მან „ემპოლიში" დაიწყო თამაში, არის ახალგაზრდა, თუმცა, ვიმედოვნებ, ის დაგვეხმარება, როგორც ახლა, ასევე მომავალში.


ბუნებრივია ჩვენმა ფეხბურთელებმა იციან როგორი თამაში იქნება ჩეხეთთან. ეს ჩვენთვის უპირატესობა იქნება, გვეცოდინება როგორ უნდა მოვემზადოთ.




გუნდში კარგი განწყობაა. რაც უფრო მეტ წარმატებას აღწევ, მეტი და მეტი გინდა. ამან ჩვენს ფეხბურთელებს მოტივაცია მისცა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იგივე წარმატებას კიდევ მივაღწიოთ.


შემადგენლობიდან 20 ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატიდანაა, მათ უკვე შესანიშნავი მიღწევა აქვთ. რთულია მომდევნო მიზანზე და ამბიციაზე ლაპარაკი. ახლა მსურს, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა იგივე შრომა ჩადონ და იგივე შემართება ჰქონდეთ.


ფსიქოლოგია ყოველთვის ნაწილია ჩვენი მუშაობის, ცუდ თუ კარგ სიტუაციაში. მოთამაშეებმა დაიჯერეს, რომ მათ შეიძლიათ დიდიი მიზნების მიღწევა. შეიძლება საუკეთესო ფსიქოლოგი გყავდეს, თუმცა ყველაფერი ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა კი, ბოლო 8-9 თვეა საუკეთესოა.


ერთა ლიგა ახალი ტურნირია, რამდენიმე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგი ქვეყანა სულაც ამხანაგური მატჩებისთვის იყენებს. ვიცით სადაც ვართ. ახლა B ლიგაში უნდა ვიასპარეზოთ, სადაც ყველა გუნდი რეიტინგში ჩვენზე წინაა. მომდევნო 2-3 თვეში გავიგებთ რამდენი ვისწავლეთ ევროპის ჩემპიონატზე, რა მოგვცა ტოპ გუნდებთან თამაშმა.





გურამ კაშია: „ვფიქრობ, გულშემატკივრებში პოზიტიური სიტუაციაა შექმნილი და ყველა კმაყოფილია. თუმცა, ყოველთვის კმაყოფილი არ უნდა იყო. ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგდ ვითამაშეთ, თუმცა ეს ჯგუფიც რთულია. ახლა, ეს წარმატება გვერდზე უნდა გადავდოთ, არ უნდა დავივიწყოთ, თუმცა ეს შესარჩევი ახალი მუხტით უნდა ვითამაშოთ. შეცდომა არ უნდა დავუშვათ, არცერთ მეტოქესთან იქნება მარტივი მოგება, თუმცა ვნახოთ, როგორ მოვემზადებით. ისეთი გარემოა შექმნილი, თითქოს საქართველოს ნაკრები ტოპ გუნდია, თუმცა, არ არის ასე, ისევ ისე უნდა ვიშრომოთ, როგორც ევროპის ჩემპიონატამდე.


ყოველი ოცნების შემდეგ ახალი ოცნებაა, ჩემთვისაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა საოცრება იქნება. ამ გუნდს, აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, მსოფლიო დონის ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს, თუმცა ძალიან რთული გზა გვაქვს და, რა თქმა უნდა, ოცნებას ვაგრძელებთ.


სტადიონს რაც შეეხება, პირადად მე „დინამოზე" თამაში მირჩევნია, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი სავსე სტადიონზე თამაშია. სამწუხაროა, რომ დინამოზე ვერ ვთამაშობთ, თუმცა ნახევრად სავსე სტადიონი არ მგონია, რომ კარგი ყოფილიყო.


ჩეხეთი ფიზიკურად ძლიერია. პირველ თამაშში სტანდარტული მდგომარეობები გაგვიჭირდა. აუტებსაც საჯარიმოში ისვრიან, ბევრი ორთაბრძოლა გვექნება მოსაგები ხვალ, ამიტომ რთული თმაში იქნება. ისე უნდა დავდგეთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ორთაბრძოლა მოვიგოთ.


გულშემატკივრებმა ისეთი გარემო შემქნეს, რომ წნეხს არ ვგრძნობთ, ყველა ბედნიერი ვართ, თუმცა წნეხი ფეხბურთში საჭიროა.


ჩვენმა გულშემატკივარმა შესანიშნავი პერფორმანსი აჩვენა, ხშირად ვიხსენებთ რა მაგარი ზაფხული გვქონდა. ვფიქრობ, მეტი წნეხი გვჭირდება, რომ რეალობაში დავეშვათ და ფეხბურთს დავუბრუნდეთ.