პირველივე დღეს ჯუდოში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართული გუნდის სათვალავში მედალია. ესტონეთში, ტალინში დაწყებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე -57 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნინო ლოლაძემ ვერცხლის მედალი მოიგო.
ნინომ ასპარეზობა იტალიელი ჯუდოკას წინააღმდეგ დაიწყო და ავასატე იპონით მოახერხა მისი დამარცხება. ამის შემდეგ, უნგრელი მოწინააღმდეგე დაამარცხა ასევე იპონით. იპონით მოუგო, ესპანელ მოწინააღმდეგეს და 1/2 ფინალში ფრანგ მეტოქეს ჰანსოკო-მაკეთი სძლია და ფინალში გავიდა. თუმცა, აქ, 19 წლის ქართველმა, აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადასთან იპონით წააგო და მხოლოდ, ვერცხლის მედალს დასჯერდა.
საერთო ჯამში, დღეს, ტალინის ტატამზე, ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლის მოპოვება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ ნინო ლოლაძემ მოახერხა. ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა -66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თორნიკე მოსიაშვილს, რომელიც რეპეშაჟში დამარცხდა.
ერთი წრის გავლა მოახერხა -48 კგ წონით კატეგორიაში ჯულიეტა როდონაიამ. 1/8 ფინალიდან გამოეთიშა ასპარეზობას -66კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე კიდევ ერთი ქართველი თენგიზ ხიდაშელი.
ხვალ, 6 სექტემბერს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ექვსი ქართველი ჯუდოკა იასპარეზებს.
ფოტო: EJU . Gabi Juan