მორიგი მედალი პარალიმპიურ თამაშებზე ამჯერად ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილის ანგარიშზეა. საკმაოდ დაძაბულ ტურნირში, სავსე ტრიბუნების გამაყრუებელი ხმაურის მიუხედავად, რაც ქართველ პარასპორტსმენს აშკარად უკარგავდა კონცენტრაციას, ნინამ ბრინჯაოს მედლის მოგება მოახერხა. ის, პირველი ქართველი პარასპორტსმენია, რომელმაც ორ სხვადასხვა პარალიმპიადაზე მედლის მოგება შეძლო, ჯერ ტოკიოში, ახლა კი პარიზში.
ქართველმა ეტლით მოფარიკავემ ნინა თიბილაშვილმა (კატეგორია A) ხმლით ფარიკაობაში მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, ფრანგი ბრიანა ვიდე ანგარიშით 15-11 დაამარცხა.
დღესვე, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე იასპარეზა კიდევ ერთმა ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანმა (კატეგორია B) და საბოლოოდ მხოლოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.
ხვალ (თუმცა, თბილისის დროით უკვე დღეს), 4 თებერვალს ნინა თიბილაშვილი და ირმა ხეცურიანი ძალას რაპირით ფარიკაობაში მოსინჯავენ, პარამსროლელი ლადო ჭინჭარაული კი R9 კატეგორიაში 50 მეტრზე სროლაში იასპარეზებს.
შეგახსენებთ, რომ პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის სამი მედალი აქვს. მათ შორის ერთი ოქროსი - ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, და ორიც ბრინჯაოსი - 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ და დღეს, ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა მოიპოვა.
ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობა პარალიმპიური თამაშების ჩემპიონს - 1 000 000 ლარს, ვერცხლისმედალოსანს - 500 000 ლარს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს - 250 000 ლარს გადასცემს.