ხორვატია, ევროპის წინააღმდეგ - ასეთი დატვირთვით, საკალათბურთო მატჩი, ხვალ, 5 სექტემბერს, ცენტრალური ევროპული დროით 20:00 საათზე, ზაგრების „არენა ზაგრებში" ჩატარდება. მატჩი, 1993 წელს, ავტოავარიაში დაღუპულ ხორვატული (იუგოსლავიელი) კალათბურთელის დრაჟენ პეტროვიჩის ხსოვნას ეძღვნება. ლეგენდარული ხორვატის ხსოვნისადმი მიძღვნილ შეხვედრაში, მონაწილეობა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანს, თორნიკე შენგელიასაც სთხოვეს. თოკომ, აღნიშნულის თაობაზე, გულშემატკივარს, საკუთარი სოციალური ქსელიდან შეატყობინა.
ცნობილია, რომ დრაჟენ პეტროვიჩის ხსოვნისადმი მიძღვნილ მატჩში მონაწილეობას, მსოფლიოს ისეთი ცნობილი კალათბურთელები მიიღებენ, როგორებიც არიან ლუკა დონჩიჩი, დონჩიჩი, გორან დრაგიჩი, ბოიან ბოგდანოვიჩი, ნიკოლა იოკიჩი, დარიო სარიჩი, ივიცა ზუბაჩი და სხვანი. სწორედ მათ გვერდით მოიწევს ხვალ თამაში თოკოსაც, ევროპის ნაკრების შემადგენლობაში, რომელსაც ლეგენდარული მწვრთნელები ჟელკო ობრადოვიჩი და ნევენ სპაჰია უხელმძღვანელებენ.
მემორიალურ მატჩში, რომელშიც მონაწილეობას არა სპორტიდან წასული, არამედ, მოქმედი, ევროპული და NBA-ს ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას დრაჟენის ძმის, ალეკსანდერ პეტროვიჩის ინიციატივით ტარდება. ქართველთა გუნდის კაპიტანმაც, შეთავაზება სწორედ მისგან მიიღო და მონაწილეობაზე დიდი სიამოვნებით დასთანხმდა.
ვინც არ იცის, დრაჟენ პეტროვიჩი არის ხორვატი კალათბურთელი, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის სახელით წლების მანძილზე ასპარეზობდა და თავისი კვალი დატოვა, როგორც ევროპულ, ასევე, მსოფლიო კალათბურთის ისტორიაში. 80-იან წლებში, ის ასპარეზობდა „ციბონასა" და მადრიდის „რეალში". 1989 წლიდან დრაფტით მოხვდა პორტლანდში და ნელ-ნელა ამერიკის „დაპყრობაც" დაიწყო. გახდა ნიუ ჯერსი ნეთს-ის ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელი და მართალია, მხოლოდ 4 წელი გაატარა NBA-ში, მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვა. 3-მომრიანი მაისური, რომლითაც ის ასპარეზობდა, 1993 წელს, პეტროვიჩის საპატივცემულოდ, „ნეთს"-მა ამოიღო ხმარებიდან, 2002 წელს კი, მაისურმა ნეისმიტის სახელობის კალათბურთის დიდების მუზეუმში გადაინაცვლა და იქ დაიდო ბინა. და ბოლოს, ზაგრებში არის, პეტროვიჩის სახელობის ქუჩა, მოედანი და მემორიალური ცენტრი, სადაც კალათბურთელთან დაკავშირებით, ბევრი საინტერესო ისტორიის გაგება შეგიძლიათ.
დრაჟენ პეტროვიჩი, როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, 1993 წელს ავტოავარიას ემსხვერპლა. მაშინ ის, მხოლოდ 28 წლის იყო, თუმცა, მის მიერ გაკვალული გზით, ბევრი ევროპელი კალათბურთელი დღემდე ხვდება საოცნებო საკალათბურთო ლიგაში, NBA-ში.