„ლანჩხუთი“ ხვალ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს
„ლანჩხუთი“ ხვალ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს
03.09.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, ქუთაისში ქალთა შორის საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი", უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2024-2025 წლების გათამაშებაში დაიწყებს ასპარეზობას. გურულები ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 შეხვედრას, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, თბილისის დროით, 18:00 საათზე ალბანური „ვლაჟნიას" წინააღმდეგ გამართავენ. გამარჯვების შემთხვევაში კი, 3 დღეში, კვლავ ქუთაისში, ავსტრიული „სენტ პოლტენისა" და აზერბაიჯანული ბაქოს „ნეფთჩის" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან.


„ერთი თვე ვემზადებოდით ლანჩხუთში. ვფიქრობ, რომ ნაყოფიერად მოვემზადეთ. ამას გარდა, ფეხბურთელებს კარგად ჰქონდათ გააზრებული თუ, რა სირთულის მატჩები გველოდა და ყველა მაქსიმალურად იხარჯებოდა.  გუნდში, დიდი კონკურენციაა და ყველა იბრძვის, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს რაც ძალიან მახარებს", - ამბობს, TSFF.Ge-სთან საუბარში გიორგი ჩხაიძე, „ლანჩხუთის" მთავარი მწვრთნელი.


ქალთა ლიგისა და სანაკრებო თამაშების შემდეგ გამოცხადებული შესვენებისას, გიორგი ჩხაიძის გუნდმა დრო არ დაკარგა და საკმაოდ საინტერესო და ძლიერი ფეხბურთელებით შეივსო, როგორც ქართველებით ასევე უცხოელებით. გუნდმა შეიძინა ახალი სპონსორიც. საბოლოოდ, უეფა-ს ახალ ტურნირს ჩვენი გოგოები, ასეთი შემადგენლობით ხვდებიან: მეკარეები: თეონა სუხაშვილი (№ 17) და  ეკა თაბაგარი (№ 21); დაცვის ხაზის მოთამაშეები: ნინო გუჯაბიძე (№ 3), ნინო ჩხარტიშვილი (№ 24), მარიამ კალანდაძე (№ 14), ანა მილჩევსკა (№ 32), სოფიკო ნარსია (№ 7), გვანცა ქადაგიშვილი (№ 2); ნახევარმცველები: ირინა ხაბურზანია (№ 8), თეონა ბაქრაძე (№ 10), ანა წულაია (№ 88), მარიამ კაპანაძე (№ 20), ლანა გორგაძე (№ 11), თამუნა თავდიშვილი (№ 9), ჰანა მარი რასელი (№ 12), პაულა ვალენტინა კიროგა სალასი (№ 99), ვანესა ფრანკო გირალდო (№ 15) კელი ნიკოლ გიდესი (№ 33), ანა მარია გუერეირო ბეჟა (№ 25); თავდამსხმელები: ეთერ სულაშვილი (№ 13), ლელუ ჭიჭინაძე (№ 77), იამურ სინემ იალვაჩი (№ 16), ლესლი სტეფანი რამირესი (№ 23).


„ჩვენს ახალწვეულებს „ლანჩხუთთან" შეგუება არ გასჭირვებიათ იმიტომ, რომ დამხვედრმა ფეხბურთელებმა, ისინი მეგობრულად მიიღეს და კომფორტული გარემო დაახვედრეს. „ახლებიც" მაქსიმუმს აკეთებენ, რომ „ლანჩხუთმა" წარმატებას მიღწიოს და ღირსეულად გამოვიდნენ ჩემპიონთა ლიგაზე. შემდეგ კი, ქალთა ლიგაზე დაეხმარონ გუნდს ტიტულის შენარჩუნებაში",  - ამბობს გიორგი ჩხაიძე.


ლანჩხუთელთა მთავარი მწვრთნელი თვლის, რომ საქართველოში საკვალიფიკაციო ტურნირის ჩატარება, ქართული გუნდისთვის დიდი მოტივატორია - „ჩვენთვის ორმაგი მოტივაციაა, როცა ეს ტურნირი საქართველოში ტარდება და დიდ როლს ითამაშებს გულშემატკივრების მხარდაჭერა"  შესაბამისად, იმედი აქვს და გვაქვს, რომ ხვალ, რამაზ შენგელიაზე, ქუთაისელი ქომაგი „ლანჩხუთს" ტრიბუნებიდან გაამხნევებს.