სფფ-ს სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, ეროვნულმა საგურამოში, ახალგაზრდულმა კი ბათუმში ივარჯიშა,
„საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშებისთვის მზადებას 24 ფეხბურთელი დაიწყებს. ეროვნულ გუნდში სექტემბრის მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელთა სიას იტალიური ემპოლის და 21-წლამდე ნაკრების მცველი, საბა გოგლიჩიძე დაემატა.
20 წლის ფეხბურთელს იტალიის სერია A-ში წარმატებული დებიუტი 31 აგვისტოს, ბოლონიასთან შეხვედრაში ჰქონდა. შოთა ნონიკაშვილთან და ლუკა გადრათან ერთად, გოგლიჩიძე ნაკრების მესამე დებიუტანტი იქნება სექტემბრის შეკრებაზე", - წერს სანაკრებო გვერდი.
რაც შეეხება რამაზ სვანაძის გუნდს, სიახლეა აქაც, შემადგენლობის მხრივ: „საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, შემოდგომის სანაკრებო ციკლს, 5 სექტემბერს, მოლდოვის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი მატჩით დაიწყებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას, ბათუმის აჭარაბეთ არენა უმასპინძლებს.
რამაზ სვანაძის გუნდმა, დღეს, ბათუმში, ტექნიკური ცენტრის მოედანზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. ლეგიონერები - გიორგი კვერნაძე, საბა საზონოვი და ლუკა გაგნიძე, გუნდს ხვალ შემოუერთდებიან. ასევე, იტალიური ემოპოლის მცველს - საბა გოგლიჩიძეს, რომელიც ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, 21-წლამდელთა შემადგენლობაში თელავის წევრი - დავით გოგოტიშვილი შეცვლის, რომელიც თანაგუნდელი - ლადო ოდიშვილის მსგავსად, ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად არის გამოძახებული".
შეგახსენებ, რომ ორივე გუნდს სექტემბერში 2-2 თამაში უწევს, ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის ახალ ციკლს იწყებს, ახალგაზრდული კი, ევრო 2025-ის შესარჩევი ციკლიდან ცდილობს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ზედიზედ, მეორე მოხვედრას.
სფფ-ს ფოტოები