ოქროს მედალი, მსოფლიო რეკორდი და ოლიმპიური მედალი მოდის საქართველოში!
ოქროს მედალი, მსოფლიო რეკორდი და ოლიმპიური მედალი მოდის საქართველოში!
01.09.2024
ავტორი: TSFF.Ge


ქართული დელეგაციის საჩივარმა გაჭრა. გიგა ოჩხიკიძეს, რამდენიმე საათიანი ფიქრისა და ბჭობის შემდეგ, ოქროს მედალი დაუბრუნეს!


მას შემდეგ, რაც პარამძლეოსნობაში, ქართველმა ათლეტმა გიგა ოჩხიკიძემ მეოთხე ცდაზე, სამი არჩათვლილი მცდელობის შემდეგ, ბირთვი 9.66 მეტრზე ტყორცნა და გაირკვა, რომ პარალიმპიურ თამაშებზე დებიუტანტი სპორტსმენის ეს მცდელობა იყო, მსოფლიო და პარალიმპიური რეკორდი, პარალიმპიური თამაშების მოქმედი ჩემპიონის, მაროკოელი აბდელლილაჰ განის (2024 წლის 28 აპრილს, მან მსოფლიო რეკორდი დაამყარა 8.84, დღეს კი საკუთარი შედეგიც გააუმჯობესა, 9.22 ტყორცნა ბირთვი) განის გუნდმა, ირანის წარმომადგენელი  ალირეზა მოხტარი ჰემამის (8.69) წარმომადგენლებთან ერთად, ქართველის შედეგი გააპროტესტეს.


დაახლოებით, 3-4 საათის მანძილზე, რაც პარალიმპიური თამაშების ამ სახეობაში, ოფიციალურ გვერდზე ურთიერთგამორიცხავი ინფორმაციები იყო გამოქვეყნებული - ერთის მხრივ ეწერა, რომ ოქროს მედალი ქართველმა დაიმსახურა, თუმცა, ოქმის დეტალური გახსნისას, მინიშნებული იყო, რომ გიგას არ ჰქონდა არც ერთი ცდა ჩათვლილი. მოგვიანებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველს შედეგი გაუუქმეს და იქვე, ქართულმა გუნდმა უკვე თავად გაასაჩივრა მსაჯთა ეს გადაწყვეტილება.


ფაქტია, რომ ბრძოლას, მით უმეტეს, როდესაც მართალი ხარ, ყოველთვის აქვს აზრი! გიგა ოჩხიკიძე პარალიმპიური ჩემპიონია მსოფლიოსა და პარალიმპიური რეკორდებით!


„მადლობა ყველაფრისთვის ყველას, ემოციებისთვის. ახლა, საოცარი ემოციებია, ჯერ აზრზე ვერ მოვედი. ერთი, რაც ვიცი, რომ ოქროს მედალი, მსოფლიო რეკორდი და ოლიმპიური რეკორდი, მოდის საქართველოში. ღმერთს მადლობა, რომ ასე დამთავრდა ყველაფერი. ჩვენ ჩავდეთ ჩვენი მაქსიმუმი და რა ვიცი, შედეგი არის", - ამბობს გიგა ოჩხიკიძე, საზმაუწყებლისთვის გაკეთებულ კომენტარში.