პარალიმპიურ თამაშებზე ქართული გუნდის ყულაბაში მეორე მედალია - ამჯერად ოქროს ყალიბის! პარალიმპიური ჩემპიონი ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა. პარალიმპიური თამაშების გვერდზე ამის თაობაზე ოფიციალურადაც წერია, თუმცა, ტურნირის ოქმში გადასვლის შემდეგ, ქართველის გვარის გვერდით მითითებაა NR (No Result) და ქართველის არც ერთი მცდელობის გასწვრივ არაა მითითებული შედეგი. ჩვენი გვერდი ცდილობს გაარკვიოს თუ რა ხდება რეალურად. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მაროკოს დელეგაციამ, საორგანიზაციო კომიტეტში პროტესტი შეიტანა და ქართველის შედეგის გადახედვა მოითხოვა.
მანამდე კი, საქართველო პარალიმპიურ თამაშებზე პირველ ოქროს ზეიმობს. ბირთვის ტყორცნაში, დღეს ქართველმა ერთბაშად ორი რეკორდი დაამყარა, რომელთაგან ერთის დროს საგანი 9.66 მეტრზე ისროლა, რაც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა და სადებიუტო პარალიმიადაზე ოჩხიკიძეს ოქროს მედალი მოუტანა.
მოგვიანებით, გაირკვა, რომ პარამძლეოსან გიგა ოჩხიკიძეს მიმდინარე 2024 წლის ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე მოპოვებული ოქროს მედალი ჩამოართვეს - ქართველ პარასპორტსმენს, რომელმაც ბირთვის კვრაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და მსოფლიო რეკორდის ავტორიც გახდა, მოგვიანებით მიღწევა მსაჯების გადაწყვეტილებით გაუუქმეს.
ჩვენი გვერდი ცდილობს, გაარკვიოს მსაჯების ეს გადაწყვეტილება და მოგვიანებით, თქვენც გაცნობით. ამ ეტაპზე უცნობია, გეგმავს თუ არა ქართული მხარე, მსაჯთა კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას.