გაზრდილი პასუხისმგებლობა და მიზანი, წარმატება
გაზრდილი პასუხისმგებლობა და მიზანი, წარმატება
30.08.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალი სანაკრებო ციკლის დაწყებამდე, ბევრად მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს ვიდრე, ეს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოდესმე ყოფილა. გაზრდილია თამასაც, რომელსაც ფეხბურთელებს საზოგადოება უყენებს, თუმცა, რაღა დასამალია და სპორტის სხვა სახეობებთან შედარებით, ეს თამასა ისედაც ყველაზე მაღლა იყო ქართულ სპორტულ საზოგადოებაში. ამდენად, ძალზედ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული ნაკრების სტარტი, უეფა-ს ახალ შესარჩევ ციკლის, ერთა ლიგის 2024-2025 წლების გათამაშებაზე, რომელიც ჩვენი გუნდისთვის სტარტს 7 სექტემბრს აიღებს. 

„ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პასუხისმგებლობა გაზრდილია. ჩვენი მიზანი ყოველთვის წარმატების მიღწევაა. ჯგუფში რთული მეტოქეები გვყავს, თუმცა, ამ ეტაპზე, ჩეხეთთან პირველი მატჩია უმნიშვნელოვანესი და ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, საკუთარ კედლებში წარმატებული თამაშია', - ამბობს ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტი.


ახალი სანაკრებო ციკლის დაწყებამდე, ქართულ საფეხბურთო საზოგადოებას, უფრო ზუსტად სოციალურ საზოგადოებას, ციკლონივით გადაუარა ანტალ იაკობაშვილის სახელმა. ეს არის 20 წლის ქართველი ებრაელი, რომლის ოჯახიც წლების წინ ემიგრაციაში წავიდა და საბოლოოდ უნგრეთში დასახლდა. რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ „ჟირონას" მცველი უნგრეთის ეროვნულმა ნაკრებმა გამოიძახა და ისიც წინადადებას დასთანხმდა.


„გვსურს, რომ წარმოშობით ქართველმა ფეხბურთელებმა საქართველოს ნაკრებში ითამაშონ. ანტალ იაკობაშვილთან პირველი კონტაქტი დიდი ხნის წინ გვქონდა. მოთამაშეს ესაუბრა მთავარი მწვრთნელიც და გვსურდა, რომ ის მარტის ფლეი-ოფშიც ჩვენთან ერთად ყოფილიყო, რაზეც, სამწუხაროდ, უარი თქვა. ბოლო საუბარი რამდენიმე დღის წინ შედგა. სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში და წარმატებას ვუსურვებთ", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი.


მოკლე პასუხი გასცა მედიის რამდენიმე წარმომადგენლის შეკითხვას, სანაკრებო ხაზით სფფ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, თუ ევრო 2024-ის და თამაშებზე დასწრების მსურველთა რიცხვის ზრდის ფონზე, რატომ ტარდება თამაში, მიხეილ მესხზე და არა „დინამო არენაზე".


„რა თქმა უნდა, ყველას გვსურდა, რაც შეიძლება მეტი მაყურებელი ყოფილიყო ეროვნული ნაკრებს მატჩზე. როგორც იცით, სტადიონს არ აქვს უფლება, რომ ტრიბუნები სრულად ავითვისოთ. შემოგვთავაზეს მხოლოდ მეორე იარუსით სარგებლობა. ამიტომ, „დინამო არენაზე" თამაში, ამ ეტაპზე, გამოირიცხა. როდესაც სტადიონი მზად იქნება, რომ ტევადობა სრულად ავითვისოთ, სიამოვნებით დავბრუნდებით „დინამო არენაზე", - ამბობს იაშვილი.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალი შესარჩევი ციკლისთვის, 2 სექტემბრიდან, საგურამოში შეიკრიბება.