საქართველოს ეროვნული ნაკრები ახალ საფეხბურთო შესარჩევ ციკლს, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ იწყებს. იმ ნაკრების წინააღმდეგ, რომელთანაც უეფა-ს ევროპის სადებიუტო ჩემპიონატზე პირველი ქულა აიღო, თუმცა, ახლოს იყო სამ ქულასაც. იმედია, ვილი სანიოლი, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, უეფა-ს ერთა ლიგის B1 ჯგუფის პირველ შეხვედრაში საბა ლობჟანიძეს მისცემს შანსს ჰამბურგში დაშვებული უზუსტობის გამოსასწორებლად. ფაქტია, რომ „ლობჟანა" სექტემბრის სანაკრებო შეხვედრებისთვის გამოძახებულ 23 ფეხბურთელს შორის არის. თუმცა, დღეს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელოს სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლისა და ქართულ მედიას შეხვედრისას ამ თემაზე არ უსაუბრიათ. ჩეხეთის თემას, მედიაც და ქართველთა გუნდის სამწვრთნელო შტაბიც, 6 სექტემბერს, ჩეხეთთან მატჩის წინა დღეს დაუბრუნდება. მანამდე კი, ქართული გუნდისთვის წარმატებული სადებიუტო ევროს შემდეგ, ვილი სანიოლი და ალექსანდრე იაშვილი, პირველად წარსდგნენ ქართული მედიის წინაშე და ტრადიციულ, სანაკრებო სიების გამოქვეყნების შემდეგ პრეს-კონფერენციაზეც, თავდაპირველად სწორედ ევროდან გადმოყოლილ ემოციურ ფონზე ლაპარაკს დაუთმეს.
„,მსოფლიო ჩემპიონატი ჯერ საკმაოდ შორს არის. ამ ეტაპზე ერთა ლიგის შეჯიბრია წინ და ვეცდებით კარგად ვითამაშოთ. ეს ტურნირი გამოვიყენოთ მოსამზადებლად. მაისში და ივნისში დიდი გამოცდილება შევიძინეთ როგორ მენეჯერება, ფედერაციამ, ფეხბურთელებმა. რა თქმა უნდა საბოლოო მიზანია, მსოფლიოზე მოხვედრა მაგრამ, საკამოდ რთულია. თუმცა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თავი კარგად წარმოვაჩინოთ. დავინახე რომ ქვეყანა, საქართველო ბედნიერია იმით რის გაკეთებაც მოვახერხეთ გერმანიაში. გვინდა იგივე გავიმეროთ.
კი ემოციებს რაც შეხება, ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო. წარსულში ვფიქრობ, რომ ბევრი შეცდომა დავუშვით ემოციების გამო, მაგრამ ფეხბურთელებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ გაარჩიონ ემოცია, კონცენტრაცია და დისციპლინა. ახლა ვფიქრობ, რომ მათ უკვე იციან, როგორ გამიყენო ეს ემოცია და არ დაკარგონ შესაძლებლობა. ამის მაგალითი იყო, მარტი, ლუქსემბურგისა და საბერძნეთის გამოცდილება, როცა აჩვენეს დისციპლინა და გუნდურობა. თუ შევინარჩუნებთ ემოციურ ფონს, სექტემბრიდან ნოემბრამდე გაგვიჭირდება. მე ველაპარაკე ფეხბურთელებს, პირადად ჯერ არ მინახავს მაგრამ ვუთხარი, რომ ცოტა უნდა დავეშვათ და გადავიტვიროთ", - ამბობს ვილი სანიოლი.
ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის 26 კაციანი შემადგენლობიდან და ამ შესარჩევი ციკლისთვის გამოძახებული ფეხბურთელების ჩამონათვალიდან გუნდში, საერთო ჯამში ხუთი ფეხბურთელი არ არის - საბა კვერკველია, ლევან შენგელია, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ქვილითაია, გაბრიელ სიგუა და ანრი მექვაბიშვილი. ამ ჩამონათვალიდან ბოლოს ორს ტრავმები აწუხებს.
„სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა. კვერკველია და კვეკვესკირი უკლუბოდ არიან. სათამაშო პრაქტიკა არ აქვთ შენგელიას და საზონოვს. ვიმედოვნებ, საბას ახალ კლუბში ეს საკითხი გამოსწორდება. ტრავმირებულია მექვაბიშვილი. სწორედ ამიტომ, ნაკრების კარი გაიღო ახალი ფეხბურთელებისთვის. გადრანს გასულ წელს კარგი სეზონი ჰქონდა და ახალი სეზონიც დამაჯერებლად დაიწყო. ვფიქრობ, მან დაიმსახურა შანსი. მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს, რაც ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი ხანია ვაკვირდები ნონიკაშვილის თამაშს 21-წლამდე ნაკრებში. ბოლო პერიოდში კარგი პროგრესი აქვს. ველი ამ ორი ფეხბურთელის პიროვნული თვისებების და სათამაშო უნარების გაცნობას. დაგვიბრუნდა ირაკლი აზაროვი და ეს ძალიან მახარებს. ლევან შენგელია ამ მომენტისთვის არ თამაშობს და მის ნაცვლად არჩევანი სწორედ აზაროვზე შევაჩერე. თუმცა, როგორც ყველა სხვა მოთამაშემ, მან უნდა იბრძოლოს საკუთარი ადგილისთვის მოედანზე",- ამბობს სანიოლი.
ბუნებრივია, რომ მედია, ვილის ირაკლი აზაროვზეც შეეკითხებოდა, რადგან ამ ფეხბურთელის თემა, ევრო 2024-ისა და მისი წინამდებარე თამაშების დროსაც ყბადაღებული თემა იყო.
„აზაროვს გამოვუძახე, მაგრამ მას მოუწევს ბევრის დამტკიცება. გუნდში არის დიდი კონკურენცია და ეს კარგია. თუ შენ თავს კარგად წარმოაჩენ რა თქმა უნდა ეროვნულში თამაშის საშუალებაც მიეცემათ. მოხარული ვარ, რომ აზაროვი დაბრუნდა ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ მან ძირითადში პოზიციის დასამკვიდრებლად უნდა იშრომოს და ეს ადგილი დაიმსახუროს" - ამბობს სანიოლი.
აქვს თუ არა ეროვნულ ნაკრებს და ვილი სანიოლის რაიმე სპეციალური დავალება ახალი შესარჩევი ციკლის წინ? ამის შესახებ ვილი სანიოლი მედიასთან აცხადებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მისთვის კონკრეტული დავალება არ მიუცია ერთა ლიგის მოსაგებად. ქართველთა მწვრთნელის თქმით ყველაფერი უფრო მარტივია, ვიდრე ნებისმიერი დავალება - რაც მეტ თამაშს მოიგებ, კვალიფიკაციისთვის უფრო მეტი შანსი გექნება. სამომავლოდ, ეს ნაკრებს წაადგება, რადგან ყოველთვის რთული წილისყრისას იყო ბოლო კალათში და სულ იმის შიში გქონდეს, რომ შენს მერე ვიღაც სამი ძლიერი გუნდი გელოდება. ასე, რომ რეიტინგში წინსვლაც ძალზედ მნიშვნელოვანია ქართველთა მწვრთნელის აზრით.
„ამ ერთა ლიგას როგორ ჩავამთავრებთ? ვერ დავიჩემებ ვთქვა რომ მოვიგებთ, მაგრამ შევეცდებით გამოვიყენოთ, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მოსამზადებლად. ზოგჯერ, ისე არ გამოგდის როგორც გინდა, ამ ოფიციალურ ტურნირზე არ უნდა დაგვავიწყდეს რომ აღარ ვართ C ლიგაში და ვთამაშობთ B-ში, რაც სრულიად განსხვავებულია. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ ბევრი კარგი რამ და ვეცდებით, ეს მომავალშიც გავიმეოროთ, უკეთესად წარმოვაჩინოთ თავი", - ამბობს ვილი სანიოლი, რომელიც ჩვენი მოსაზრებით, აბსოლუტურად რეალურ სურათს ხატავს და არ ცდილობს ღრუბლებში იფრინოს და ჩვენც იქ გვაფრინოს.
როგორც ჩანს ახალი სანაკრებო ციკლის განმავლობაში, მედიის სალაპარაკო თემა ჯიმი ტაბიძე იქნება. ქართველი მცველის რუსეთის საკლუბო ფეხბურთში გადაბარგებაზე ილაპარაკა დღეს ვილიმაც, რომლისთვისაც ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების ფონზე მისთვისაც, ტაბიძის გადაწყვეტილება მიუღებელია. ამბობს, რომ ტაბიძესთან არ უსაუბრია, თუმცა, მისი ეროვნულ ნაკრებში გამოძახება, არგამოძახების შესახებ ბევრიც ვერ იფიქრა, მარტივი მიზეზის გამო - მცველის პოზიციაზე, განსაკუთრებით, ცენტრალური მცველის ადგილზე მას დიდი არჩევანი აღარც აქვს.
„ჩემი, როგორც მთავარი მწვრთნელის ერთადერთი საზრუნავია გუნდში საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები მყავდეს. სხვადასხვა მიზეზების გამო, დაცვის ხაზში საკადრო პრობლემები გვაქვს და არ გვაქვს დიდი არჩევანი", - ამბობს ვილი სანიოლი და რადგან მცველებზე ჩამოვარდა თემა, აქვე, ქართველთა ნაკრების მწვრთნელის მოსაზრებასაც შემოგთავაზებთ ეროვნული ნაკრების კაპიტანთან, გურამ კაშიასთან დაკავშირებით, რომლის სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ, ევრო 2024-ის დასრულების შემდეგ, რიგ მედიაში განცხადებები გამოჩნდა: „არ მილაპარაკია „კაშოსთან", რადგან თავიდანვე ნათელი იყო რომ „კაშო" ჯერ ისევ ითამაშებდა და ითამაშებდა მაღალ დონეზე. მესმის, რომ ის ასაკშია და ზოგჯერ, გინდა სხვა რამეც გააკეთო, მაგრამ „კაშოს" ჯერ ფეხბურთის თამაში უნდა, კარგი ღვინოსავით არის, რაც უფრო ძველდება, ისიც უკეთესი ხდება. ვფიქრობ რომ ის გუნდის კაპიტანი დიდხანს იქნება".
საქართველოს ეროვნული ნაკრების ამ შეკრებაზე, მოგეხსენებათ ეროვნული ლიგიდან, მხოლოდ ექიმები და ტექნიკური სტაფია გამოძახებული (თუმცა, ეს სხვა "ოპერის" თემაა). ბუნებრივია, ამ კუთხით, სასაცილოდ და საღლიცინოდ, ნაღდად არ გვაქვს საქმე, თუმცა, თუ გამოძახებულთა ნუსხას გადავხედავთ, კლუბებში ქართველებისთვის მიცემულ სათამაშო დროს და გაზრდილ ნდობის ფაქტორს და გვირგვინად გიორგი მამარდაშვილის, ხმაურიან ბოლო ტრანსფერს, კიდევ ერთხელ ჩანს, სარგებელი, რომელიც მთლიანობაში ქართულ ფეხბურთს, ერთმა „ევრო"-მ მოუტანა.
„ბედნიერი ვარ გიორგი მამარდაშვილის გამო. ლივერპული მსოფლიო კლუბების ათეულში შედის და ასეთ გუნდში მოხვედრა მან ნამდვილად დაიმსახურა. შესანიშნავი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა და დიდი კლუბების ინტერესი გასაკვირი არ იყო. ვუსურვებ, რომ გრძელი და წარმატებული კარიერა ჰქონდეს ამ შესანიშნავ კლუბში", - ამბობს ვილი სანიოლი.
და ბოლოს, ცოტა ახლოს რომ მოვიდეთ „თემასთან", კვლავ ჩეხეთის ნაკრებს დავუბრუნდეთ, რადგან ახალ ციკლს სწორედ, ამ კარგად, სულ რაღაც სამი თვის წინ გაცნობილ, ჩეხეთის ნაკრებთან ვიწყებთ.
„ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ყველაზე რთული მატჩი იყო. ფიზიკურად ძლიერ გუნდთან გარკვეული პრობლემები შეგვექმნა. ვიცით, რომ მათი სტილი არ შეიცვლება და ფეხბურთელები ამისთვის მზად არიან. შესაბამისად, მათი მხრიდან უკეთეს პასუხს ველით მეტოქის თამაშზე", - ამბობს ვილი სანიოლი.
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონის პირველი სათამაშო ფანჯრისთვის 2 სექტემბრიდან საგურამოში შეიკრიბება. 7 სექტემბერს კი, თბილისში, 20:00 საათზე, მიხეილ მესხზე, ჩეხეთის ნაკრებს უმასპინძლებს. აქვე შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი, გაყიდვის დაწყებიდან მალევე სრულად ათვისებული იქნა.