საქართველოში ახალი სანაკრებო სეზონი ისე იწყება, რომ ჯერ ევრო 2024-ის ემოციები ჩამქრალი არ არის. შესაბამისად აწეულია თამასა და ვილი სანიოლის გუნდის მიმართაც მოთხოვნა გაზრდილი, ფეხბურთელების პასუხისმგებლობა მომატებული. მოკლედ, ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც ჩვენთვის ახალია და ეს ყოველივე ქართულმა გუნდმა, გულშემატკივართან ერთად, უნდა დაძლიოს.
ვილი სანიოლის გუნდი, უეფა-ს ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონს საშინაო თამაშით დაიწყებს 7 სექტემბერს და იმ ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელთანაც მოგება ევრო 2024-ზე ბოლო წამებზე გაუშვა ხელიდან. ბუნებრივია ყველას გვაინტერესებს, მოხვდება თუ არა საბა ლობჟანიძე სექტემბრის პირველი შეხვედრის სასტარტო შემადგენლობაში, რადგან ის სანიოლის გუნდის შემადგენლობაში არის.
სიახლეებზე ვლაპარაკობდით და მორიგი სიახლეა საქართველოს ნაკრებში შემადგენლობის მხრივაც. ვილი სანიოლის გუნში ორი დებიუტანტია - უკრაინული „ჩერკასის" წევრი, პოზიციით ნახევარმცველი შოთა ნონიკაშვილი და ყაზახური „კაირათის" მცველი ლუკა გადრანი. საერთო ჯამში, ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერთა ლიგის საწყისი ორი ტურისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ძალიან დასანანია, რომ ამ 23-კაციან შემადგენლობაში, ეროვნულ ლიგაში მოთამაშე არც ერთი ფეხბურთელი არაა. ევრო 2024-სგან განსხვავებით, გამოძახებულთა შორის არაა საბა კვერკველია, ლევან შენგელია, ნიკა კვეკვესკირი, გიორგი ქვილითაია, გაბრიელ სიგუა და ანრი მექვაბიშვილი, ეს ორი უკანასკნელი ტრავმის გამო. სამაგიეროდ, თავის გამოჩენის შანსი მისცა ირაკლი აზაროვს, რომლის ევრო 2024-ზე არ ყოფნა, ქართული მედიისთვის ყბადაღებული თემა იყო. სანიოლის განაცხადში, ვერც ამჯერად მოხვდა საბა საზონოვი.
ვილი სანიოლის გამოძახებულ ფეხბურთელთა შორის არიან - მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია", ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია არადიპუ", კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი", საბერძნეთი); დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი", სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია", პოლონეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი", ირანი), ლაშა დვალი („აპოელი", კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე", იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი", დანია), ირაკლი აზაროვი („შახტარი", უკრაინა), ლუკა გადრანი („კაირათი", ყაზახეთი), ჯიმი ტაბიძე („დინამო" მახაჩყალა, რუსეთი); ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი", ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი („შტურმი", ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე", ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგი", ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი", უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა", ესპანეთი), საბა ლობჟანიძე („ატლანტა იუნაიტედი", აშშ), გიორგი მიქაუტაძე („ლიონის ოლიმპიკი", საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე", გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი", იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი).
ვილის სანიოლის გუნდი აღნიშნული თამაშებისთვის შეკრება 2 სექტემბრიდან დაიწყებს. ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები 10 სექტემბერს, სტუმრად, ალბანეთს შეხვდება. აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის B1 ჯგუფში თამაშის უფლება, C ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.