ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირს ახალი გამარჯვებული ჰყავს. მინიმუმ ერთი წლით სახელოვანი ქართველი ფეხბურთელის თასი ტურინში, „იუვენტუსმა" წაიღო.
23-და 28 აგვისტოს ჩათვლით თბილისმა ახალგაზრდა ფეხბურთელთა ტრადიციულ ტურნირს, ვიტალი დარასელიას თასს უმასპინძლა. რიგით მეექვსე გათამაშება, ახალ ორგანიზატორთან და ახალი ფორმატით ჩატარდა. სიახლე იყო ისიც, რომ თამაშები, ხელოვნურსაფარიანი მოედნის ნაცვლად, ბუნებრივ საფარიან მოედნებზე ჩატარდა თბილისსა და საგურამოში.
ჯგუფურ ეტაპებს, ილია კოკაიას სახელობის თბილისის ზღვის ბაზამ და თბილისის „ლოკომოტივის" საფეხბურთო ბაზამ უმასპინძლებს. ორ ჯგუფში გადანაწილებული 6 გუდიდან, თბილისში - „დინამო თბილისი", „უიტფორდი" და „იუვენტუსი" იყვნენ. საგურამოში კი, თბილისის „ლოკომოტივმა", „ვალენსიამ" და „გალათასარაიმ" იასპარეზეს.
ისე მოხდა, რომ ტურნირის ფორმატის მიხედვით, ფინალში, საგურამოს ჯგუფიდან საუკეთესო გუნდი, „ვალენსია" გავიდა, თან ისე, რომ ქულა არ დაუკარგავს, თბილისის ჯგუფიდან კი, „იუვენტუსი" გავიდა, რომელმაც ევროსაკლუბო ტურინირების „ტრადიციას" არ უღალატა და ორი მარცხის შემდეგ, ჯერ ე.წ. საფლეი-ოფო შეხვედრა მოიგო „გალათასარაისთან", შემდეგ კი, 1/2 ფინალში „დინამო თბილისი" (რომელსაც ყველა შეხვედრა ჰქონდა მოგებული) დაამარცხა პენალტების სერიაში და ფინალში გავიდა.
აქ ტურინელებმა თამაშის სადავეები სრულად აიღეს ხელში და შეხვედრა 0-1 მოიგეს. ამ მატჩში საჩემპიონო გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში გავიდა.
ფინალურ მატჩამდე, რომელიც „დინამო არენაზე" გაიმართა, მესამე ადგილისთვის ერთმანეთს, „დინამო თბილისი" და „უოტფორდი" შეხვდნენ. ჯგუფში ამ გუნდების მატჩს მსგავსად, დღევანდელი ბრინჯაოს ფინალიც საკმაოდ დაძაბული იყო. მეტ-ნაკლებად განსხვავებული ტაიმებით, რომელშიც პირობითი სტუმრები, პირველში უკეთ გამოიყურებოდნენ, მეორეში კი დინამოელები აშკარად ჯობნიდნენ მეტოქეს, თუმცა, შეხვედრის ერთადერთი გოლი, სწორედ, პირველ ტაიმში გავიდა. „უოტფორდმა" 0-1 გაიმარჯვა და მესამე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა.
მეხუთე ადგილზე გავიდა თბილისის „ლოკომოტივი", რომელმაც საგურამოში, „გალათასარაი" 2-0 დაამარცხა. სხვათა შორის, თბილისში გამართულ ტურნირზე, რომელშიც 2007-2008 წლებში დაბადებული ფეხბურთელები (გუნდებს, 2007 წელს დაბადებული, მხოლოდ სამი მოთამაშის დამატება შეეძლო) მონაწილეობდნენ, ყველაზე უმცროსი ასაკის, 2009 წელს დაბადებული ფეხბურთელებით, თურქულმა კლუბმა იასპარეზა.
ტურნირის დასრულების შემდეგ, „დინამო არენაზე" გამარჯვებულების და გამორჩეული ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ვიტალი დარასელიას სახელობის თასის „იუვენტუსს" სკ „დინამო თბილისის" პრეზიდენტმა, რომან ფიფიამ და ვიტალი დარასელიას შვილმა, ქრისტინა დარასელიამ ჩააბარეს.
ტურნირის სხვა ნომინანტები, შეჯიბრის ერთ-ერთმა საპატიო ელჩმა, ვიტალი დარასელიას თანაგუნდელმა ვლადიმერ გუცაევმა, ტყუპებმა, შოთა და აჩი არველაძეებმა გადასცეს.