საფეხბურთო კლუბი ჭადრაკის გაკვეთილებით
საფეხბურთო კლუბი ჭადრაკის გაკვეთილებით
28.08.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქობულეთში, თხილაიშვილის 42 ნომერში, მე-5 საჯარო სკოლა მდებარეობს. სწორედ, ამ სკოლის მისამართია მითითებული განცხადებაზე, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ლაგუნაში" ბავშვების მიღებას აცხადებს და ასევე, ვარჯიშების განახლებაზე ამცნობს, უკვე კლუბის წევრებს.

საფეხბურთო კლუბში, სადაც საწვრთნელი პროცესი 1 სექტემბრიდან განახლდება 2010-2018 წლებში დაბადებული ბავშვები მიიღებიან და ყველაზე საინტერესო, რამაც თითქოს, ამ ერთის შეხედვით შაბლონურ განცხადებაში მიიქცია ყურადღება ერთი წინადადება იყო - ფეხბურთთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ჭადრაკს.


„ჭადრაკის სწავლება ჩემი იდეა არის. ვფიქრობ, აზროვნების მხრივ ბევრად დაეხმარებათ. ამას გარდა, ჭადრაკს შაბათობით შევასწავლით და ეს ნიშნავს, რომ ბავშები, ამ დღესაც სასარგებლოდ დახარჯავენ დროს და დაკავებულები იქნებიან და არ იქნებიან ტელეფონებში ჩამძვრალნი", - ამბობს ხატია ჭყონია, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, რომელსაც ბოლო პერიოდი ტრავმის, ოპერაციისა და რეაბილიტაციის გამო გვარიანად გაუცდა.


საფეხბურთო კლუბი „ლაგუნა", ხატია ჭყონიამ,  პარტნიორთან, გიორგი პერმინოვთან ერთად, საკუთარი ხარჯით დააფუძნა, ოქტომბერში ერთი წლის გავხდებითო. საკუთარი ხარჯით მოაწყეს პატარა მოედანიც, თუმცა, პირობების გაუმჯობესების შემთხვევაში, უფრო მეტი პერსპექტივა და საინტერესო პროექტებსაც არ გამორიცხავენ.  ყველაზე საინტერესო რაც არის, ახალი მოედნის გასაშენებლად, „ლაგუნას" დამაარსებლებს ადგილიც (მიწა) აქვთ და შესაბამისი პროექტიც გამზადებული და ახლა, დაფინანსების მოლოდინში არიან.




„კლუბში გოგონებსაც ვიღებთ, უბრალოდ, პატარა ასაკში გოგონების შემოყვანას, ჯერ კიდევ ვერ ბედავენ. მხოლოდ, 7 წლის ასაკიდან", - ამბობს ხატია ჭყონია, რომელიც ერთ წელს, საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელის ტიტულსაც ფლობდა. აქვს საფეხბურთო მწვრთნელი C ლიცენზია, რაც ბავშვთა კლუბებში მუშაობის უფლებას აძლევს და ახლა, შეეცდება კვალიფიკაციაც აიმაღლოს.


მანამდე კი, იმედს იტოვებს, აჭარაში გამოჩნდებიან ადამიანები, რომელიც აჭარიდან პირველი ყველაზე ტიტულოვანი ქალი ფეხბურთელის ამ წამოწყებას მხარში დაუდგებიან და რეგიონში, ფეხბურთის განვითარებას შეუწყობენ ხელს.


და ბოლოს, ჭადრაკი, რითაც ამ ერთის შეხედვით, შაბლონურმა განცხადებამ ჩვენი ყურადღება მიიქცია - ჩვენი გვერდი დაუკავშირდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას და „ლაგუნას" საინტერესო ინიციატივა გააცნო. ასე, რომ ჭადრაკის მხრივ, დიდი ალბათობით, ბევრი საინტერესო ამბავი მოხდება. საფეხბურთო ინფრასტრუქტურული კუთხით კი, ბიზნეს სექტორიდან გაკეთებული სვლის იმედზე ვართ.