საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი ანა ჩემინავა, საკლუბო კარიერას თელ-ავივის „ჰაპოელში" გააგრძელებს. საუკუნოვანი ისტორიის მქონე კლუბი, ქალთა ფეხბურთში ახლა აპირებს გაძლიერებას. მიუხედავად იმისა, რომ 1998 წელს დაარსებულმა გუნდმა, 2000-2001 წლების სეზონში ისრაელის ჩემპიონობაც მოახერხა და თასის მოგებაც შეძლო, 2002 წელს დაიშალა და მხოლოდ, 2020-21 წლების სეზონიდან განაახლა არსებობა. „ჰაპოელმა" ისრაელის ქალთა ლიგა 3-და დაიწყო და 2024-2025 წლების სეზონში ძალებს კვლავ ქალთა მთავარ ლიგაში სცდის.
„ერთი თვის წინ დამიკავშირდნენ და მათ კლუბში თამაში შემომთავაზეს. გამაცნეს გეგმები და რა პერიოდში სურდათ მათი მიღწევა. ისტორიული კლუბია, ჰყავთ კაცების გუნდიც. სულაც არ აქვთ იმის ფანტაზია, რომ პირველივე წელს უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ, ჩემპიონები გახდებიან. თუმცა, მომავალი სეზონიდან უკვე უნდათ, რომ საჩემპიონო გუნდი ჰყავდეთ. ახალ სეზონში, „ჰაპოელის" მიზანი ოთხეულში მოხვედრა იქნება. ერთი წლის შემდეგ კი, სოლიდური ფინანსების ჩადებასაც გეგმავენ და მიზანიც ჩემპიონობა იქნება. სწორედ, ამიტომ მოვაწერე მეც ხელი 1+1 კონტრაქტს. შევხედავ ეს სეზონი როგორ იქნება და თუ, მეორე სეზონში შანსები რეალური იქნება, მეც შესაბამისად ვიმოქმედებ. თუმცა, მაინც კარგია ეს, რადგან ახალი გუნდი, ახალი ჩემპიონატი, ახალი გამოცდილება. ზოგადად, გუნდის გეგმები მომეწონა. ბუნებრივია, ახალი გუნდის შენებას დრო სჭირდება და ამას რეალობიდან გამომდინარე უყურებენ", - ამბობს ანა ჩემინავა TSFF.Ge-სთან ლაპარაკში.
ისრაელის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატი სტარტს სექტემბერში აიღებს და 2025 წლის მაისში დასრულდება. ტურნირის ფორმატი არის საქართველოს ქალთა ლიგის ანალოგი. შესაბამისად, ჩემინავას ახალი გუნდის გეგმები საჩემპიონო რბოლისთვის განკუთვნილ 4 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრაა.
წლების მანძილზე 28 წლის ქართველი ფორვარდი თამაშობდა შემდეგ კლუბებში: „თრაბზონსფორი" (თურქეთი), „ჟალგირისი" (ლიეტუვა), „ესტერნ ფლეიმსი" (საუდის არაბეთი), „სოგდიანა" (უზბეკეთი),გენჩლიკი (თურქეთი).
ფოტო: © Hapoel Tel Aviv F.C. women