საქართველოს ჩემპიონი ფუტსალში „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2024-2025 წლების გათამაშების მეინ-რაუნდში ითამაშებს. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა საკვალიფიკაციო შესარჩევი G ჯგუფში სამი თამაში მოიგო და გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქეები Luxol St. Andrews Futsal (MLT), Futsal Klub Lučenec (SVK, hosts) და Akaa Futsal (FIN) იქნებიან. თამაშები, კვლავ ჯგუფური ეტაპის ფორმატში, ჩატარდება და მას სლოვაკეთი 22-27 ოქტომბერს უმასპინძლებს.
ალბათ, ჩვენს მკითხველს ემახსოვრება, რომ საქართველოს ჩემპიონი, საკვალიფიკაციო ეტაპზე 10 ფეხბურთელის შემადგენლობით გაემგზავრა. გუნდის ერთ-ერთი ლიდერის შოთა თოფურია კი, ტრავმის გამო, გუნდს ვერ დაეხმარა. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე კი, „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა" სათანადოდ შეკრების გავლაც ვერ მოახერხა. მიუხედავად, საკვალიფიკაციო ჯგუფის მოგებისა, ფაქტია, რომ ქართული გუნდი, საკადრო პრობლემების წინაშე დგას.
„ოქტომბრამდე საკმაოდ დიდი დროა. ამას გარდა, გვიწევს სექტემბრის სანაკრებო ფანჯარაც და ორი ამხანაგური თამაშიც. ასე, რომ ბევრი რამე გამოჩნდება. თოფურიას ტრავმა კი, საკმაოდ სერიოზულია. შეიძლება ვერ დაგვეხმაროს ოქტომბერში, არ იყოს არც სანაკრებო თამაშების დროს. ასე, რომ თბილისში დაბრუნებისთანავე, ის, ექიმების მეთვალყურეობით გაივლის დეტალურ შემოწმებას. ამის შემდეგ გვეცოდინება დაახლოებით, რა სახის ტრავმა აქვს და რამდენი ხნით გამოგვაკლდება. რაც შეეხება გუდის გაძლიერებას, უარს არ ვიტყოდი, მაგრამ ამ საკითხის გადაწყვეტა მარტო ჩემს სურვილზე არაა დამოკიდებული. მოგვიწევს გუნდის პრეზიდენტთან ამ საკითხზეც ლაპარაკი, უნდა დავჯდეთ გავარკვიოთ, ოქტომბრისთვის რა გვინდა, რას მოველით და აქედან გამომდინარე ვიმოქმედოთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი TSFF.ge-სთან საუბარში.
ტურნირის დებულების თანახმად, მეინ-რაუნდის შემდეგ, 31 ოქტომბერს უეფა-შო ელიტ- რაუნდის წილისყრა გაიმართება. თამაშები კი, 26 ნოემბერი - 1 დეკემბერი პერიოდში ჩატარდება. თუმცა, აქამდე, ქართული გუნდი ჯერ მისასვლელია.
ფინალური ეტაპის წილისყრის და თამაშების ზუსტი თარიღები მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა, უეფა ფინალური ტურნირის მიახლოებულ თარიღებს მაინც ასახელებს - 2025 წლის 1 ან 2 და 3 ან 4 მაისი.