TSFF.Ge მწუხარებას გამოთქვამს გურიის ფეხბურთის კოლორიტისა და ნოვატორის დურმიშხან ჩხაიძის გარდაცვალების გამო.
დურმიშხან ჩხაიძე ქალთა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის დამფუძნებელი და პრეზიდენტი იყო. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოში ქალთა ფეხბურთის განვითარებაში.
,,მე ლანჩხუთში ოთხმოციანი წლების ფეხბურთი დავაბრუნე" - როცა ამ სიტყვებს კლუბის დამაარსებელი და დირექტორი დურმიშხან ჩხაიძე ამბობდა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ დაახლოებით ერთ წელში ყველა ილაპარაკებდა არა ოთხმოციანი წლების ფეხბურთზე, არამედ უკვე ევროპული ფეხბურთის ლანჩხუთში შემობრძანებაზე...
ალბათ ბევრმა ნახა ეს კადრები, ''არ იტირო დურუ მას'' - ასე მიმართავს ხატია ჭყონია იმ ადამიანს, რომელმაც შექმნა ეს ყველაფერი დიდი ძალისხმევის, ბრძოლის შედეგად და ყველამ კარგად იცის, რომ ეს მარტო სიხარულის ცრემლები არ არის, ამ ცრემლებშია ის ტკივილიც, უამრავი დაბრკოლება, შერყეული ჯანმრთელობა, მაგრამ ამავე დროს შეურყეველი რწმენა იმისა, რომ ერთ დღეს, 12 წლის წინ საფეხბურთო სექციაში ავთო ორმოცაძესთან მოსული პატარა გოგონები ისტორიას დაწერდნენ...", - ეს არი სტატუსი, რომელიც საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ქალთა შორის „ლანჩხუთმა", 2020 წლის 24 ნოემბერს სოცქსელში გამოაქვეყნა.
ჩვენი გვერდი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ქალთა საფეხბურთო კლუბს „ლანჩხუთს" და სრულიად საფეხბურთო სამყაროს.