მოლდოვაში მიმდინარე ფუტსალში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსმა" მეორე გამარჯვება იზეიმა. ფუტსალში, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ამჯერად, ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ჩემპიონი „შიროკი ბრიჟეგი" დაამარცხა ანგარიშით 6-2 და ორი თამაშის შემდეგ, ქულების მაქსიმუმით, G ჯგუფს ლიდერი გახდა.
„ძალიან რთული თამაში იყო. ძალიან ძლიერ გუნდს მოვუგეთ. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ და ამისთვის, კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას ვუხდი. ისევ და ისევ იმის გამო, რომ მომზადება გვიან დავიწყეთ, დრო არ გვქონდა ჩვენს თავთან გვემუშავა, აქედან გამომდინარე მოწინააღმდეგეზე გავაკეთეთ ძირითადი აქცენტი. კარგად გავაანალიზეთ და დავამუშავეთ მათი თამაში და სწორედ, ამან მოგვიტანა წარმატება დღევანდელ შეხვედრაში", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, გუნდის მთავარი მწვრთნელი.
მოლდოვურ მინი-ტურნირში, პირველი საასპარეზო დღის შემდეგ, ქართულ და ბოსნიურ გუნდები სასტარტო შეხვედრები მოგებული ჰქონდათ. გამომდინარე აქედან, დღევანდელი შეხვედრა, როგორც ასათიანმა გუშინ, TSFF.Ge-სთან საუბარში განაცხადა, „ფინალის ფინალის" ტოლფასი იყო. რეალურად „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსისა" და „შიროკი ბრიჟეგ"-ს შორის გამარჯვებული ერთი ტურით ადრე გათამაშების მომდევნო ეტაპის საგზურს ინაღდებდა.
შეხვედრა, ბოსნიური კლუბის შეტევებით დაიწყო. ოდნავ მოვლენებს წინ გავასწრებ და გეტყვით, რომ „შიროკი ბრიჟეგ"-მა მატჩის მსვლელობისას ქართული გუნდის კარს 41-ჯერ შეუტია, მაშინ როცა, ჩვენი მაჩვენებელი ამ მხრივ, მხოლოდ 28 იყო. კარის ჩარჩოში 25-ჯერ დაარტყა და ანგარიშით თუ ვიმსჯელებთ, ადვილი მისახვედრია თუ, რა ჯაფა ედგა თორნიკე ბუკიას. ანგარიში კი, მარიჩის გოლით ბოსნიელებმა გახსნეს 2'10'' წუთზე. ზუსტად 37 წამი დასჭირდა რონინიოს (2'47'') წონასწორობის აღსადგენად. 5'07'' წუთზე ვახტანგ კეკელიამ საქართველოს ჩემპიონი კი დააწინაურა, მაგრამ მალევე, 6'04'' კორლუკამ ანგარიში გაათანაბრა. ალბათ, ამ შეხვედრაში გარდამტეხი მომენტი 8'39'' წუთი აღმოჩნდა, როდესაც რონიმ დუბლი გაიფორმა. 13'29'' წუთზე კი, ვახტან ჯვარაშვილმა აიღო მეტოქის კარი და „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი" შესვენებაზე, კომფორტული, ორბურთიანი სხვაობით გავიდა. მეორე ტაიმში, ასათიანი შეგირდებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს, 27'12'' ნიკოლოზ გაბრიჩიძემ აიღო მეტოქის კარი, 30'21'' ჯვარაშვილმა დუბლი შეასრულა.
საქართველოს ჩემპიონმა, პირველი ტურის მსგავსად, მატჩი იმავე შემადგენლობით დაიწყო: #13 თორნიკე ბუკია (GK); #8 ვახტანგ კეკელია, #9 ირაკლი თოდუა (C), #27 იტალო, #77 რონინიო. „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანს"-ის სათადარიგო სკამი: #1 ბექა ტყემალაძე (GK), #7 შოთა თოფურია, #10 ვახტანგ ჯვარაშილი, #11 დავით ხეჩიკაშვილი, #20 ლაშა კურტანიძე, #21 ნიკოლოზ გაბრიჩიძე.
დღესვე, მოლდოვურმა „კლიკ კიშინაუ", ისრაელის ჩემპიონი „მაქაბი ნეტანია" დაძაბულ ბრძოლაში 3-2 დაამარცხა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად, ქართული კლუბი მომდევნო ეტაპზეა. ჯგუფის ბოლო შეხვედრას კი, საქართველოს ჩემპიონი სწორედ, „მაქაბი ნეტანია"-ს წინააღმდეგ, 24 აგვისტოს, თბილისის დროით 16:30 გამართავს.
ფოტო: © fmf.md