შეკრება სექტემბერში და ორი სპარინგი, ფუტსალის ნაკრები ევრო 2026-ის მეინ-რაუნდისთვის ემზადება
შეკრება სექტემბერში და ორი სპარინგი, ფუტსალის ნაკრები ევრო 2026-ის მეინ-რაუნდისთვის ემზადება
20.08.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 6 სექტემბრიდან ევროპის ჩემპიონატის მეინ-რაუნდისთვის სამზადისის მორიგ ეტაპს დაიწყებს. ავთანდილ ასათიანის გუნდი, 2024 წელს დაგეგმილი 8 საწვრთნელი შეხვედრიდან მორიგ ორ მატჩს 17 და 19 სექტემბერს კაუნასში, ლიეტუვას წინააღმდეგ გამართავს.

„სექტემბრის სანაკრებო ფანჯარას კაუნასში გამოვიყენებთ და კარგია, რომ ვახერხებთ მორიგი სპარინგების გამართვას, რადგან დეკემბრამდე, ცოტა დრო რჩება. ამის გარდა, კიდევ ერთი სანაკრებო ფანჯარა ნოემბერში გვექნება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დეკემბრისთვის, ის საბოლოო შემადგენლობა, შევარჩიო რომელიც კოსოვოსთან, პირველ საშინაო შეხვედრას გამართავს", - ამბობს ავთანდილ ასათიანი TSFF.Ge-სთან ლაპარაკში.


შეგახსენებთ, რომ 30 მაისს ნიონში, უეფას, ევრო 2026-ის მეინ-რაუნდის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრები მე-10 ჯგუფში, საფრანგეთის, კოსოვოსა და ბულგარეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა. ტურნირის დებულების თანახმად, ევროპის ჩემპიონატის საგზურს საკვალიფიკაციო ჯგუფების გამარჯვებულები მოიპოვებენ. რვა საუკეთესო მეორეადგილოსანი კი, ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას ფლეი-ოფიდან გააგრძელებს.


ფუტსალის გულშემატკივარს გემახსოვრებათ, რომ საქართველოს ნაკრებს ლეგიონერების სიუხვის გამო (თუმცა, ამ კონკრეტულ ფაქტამდე, ევროპის თითქმის ყველა ნაკრებში ანალოგიური ვითარება იყო), პორტუგალიის საჩივრის საფუძველზე, უეფა-მ ქულები ჩამოაკლო და ჩვენი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დატოვა. სწორედ, ამ დროიდან მოყოლებული, ავთანდილ ასათიანის გუნდში ცვლილებები დაიწყო და ავთანდილ ასათიანმა, სამწვრთნელო გუნდთან ერთდ დაიწყო ახალი ფეხბურთელების დაწინაურება სანაკრებო დონეზე.


სექტემბრის ფანჯრამდე, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი ზვიად კუპატაძე, რომლის კარგი თამაში ქართული გუნდის წარმატების საფუძველიც იყო ბევრ თამაშში, ფეხბურთიდან წასვლას აპირებდა. ბუნებრივია, ჩვენი გვერდიც დაინტერესდა, შეესაბამებოდა თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს და იყო თუ არა, ეროვნული ნაკრები ყოველივე ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, ამ ბურჯის გარეშე გაეგრძელებინა ცხოვრება.


„კუპას", რაც შეეხება, ასე გადაჭრით ის, ფეხბურთიდან არ წასულა.  ახლა ლიეტუვაშიც იქნება ჩვენთან ერთად. დანარჩენს უკვე პროცესი გვიჩვენებს. თუ, საბოლოოდ გადაწყდა წასვლა ფეხბურთიდან, რა თქმა უნდა ძალიან ცუდი იქნება ნაკრებისთვის, მაგრამ იმას ვერ ვიტყვი, რომ კარი ცარიელი დაგვრჩება. ჩვენ ბუკია გვყავს, არის კიდევ რამდენიმე ახლაგაზრდა ბიჭი, რომელთა იმედად ყოფნა, ნამდვილად შეიძლება. რა თქმა უნდა „კუპას" ჩანაცვლება არ იქნება იოლი საქმე. თუმცა, როცა სხვა გზა არ არის, ვფიქრობ „ბუკო" გახდება პირველი ნომერი, რომელიც ჩვეულებრივ გაართმევს თავს და ეს მას, არაერთხელ დაუმტკიცებია. დღევანდელი მოცემულობით, კუპატაძე ჩვენთან არის, სანაკრებო თამაშებზეც მოდის, მაგრამ დეკემბრამდე დიდი დროა და მეტს, წინასწარ, ვერ ვიტყვი რა იქნება. ასე, რომ ამ სპარინგს, მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დეკემბრის თამაშს მომზადებული შევხვდეთ. ის განახლებული შემადგენლობა მოვძებნოთ, რომელიც ჩაანაცვლებს იმ გუნდს, რომელიც ყველას კარგად მოეხსენება, დაგვიშალეს. ასე, რომ ვეცდებით, კარგი გუნდი ავაწყოთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.


საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს ევროპის 2026 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ციკლში 8 სპარინგი ჰქონდა გამართული. რომელთაგან ჩვენმა გუნდმა ოთხი უკვე ჩაატარა, ჯერ რუმინეთის საკმაოდ ძლიერი გუნდი თბილისში, იდენტური ანგარიშით 4-2 ორ შეხვედრაში დაამარცხა, ამის შემდეგ კი, ასევე ორი სპარინგი გამართა მეზობელ აზერბაიჯანის ნაკრებთან და ორივეში გაიმარჯვა, ჯერ 3-2 და შემდეგ 2-1.


მეინ-რაუნდის მატჩები მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყება და ორ წრედ  (სახლი-გასვლის პრინციპით) ჩატარდება.


13.12.2024  / საქართველო - კოსოვო

17.12.2024 / საფრანგეთი- საქართველო

31.01. 2025 / საქართველო - ბულგარეთი

04.02.2025 / ბულგარეთი - საქართველო

11.04.2025 / კოსოვო - საქართველო

16.04.2025 / საქართველო - საფრანგეთი


ევროპის ჩემპიონატი 2026 წელს, 18 იანვრიდან 8 თებერვლის ჩათვლით ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.