ნათია სხირტლაძემ სოხუმის „დინამო“ ჩაიბარა
ნათია სხირტლაძემ სოხუმის „დინამო“ ჩაიბარა
19.08.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საღამოს ცნობილი გახდა, რომ ქალთა საფეხბურთო კლუბს სოხუმის „დინამოს" ქალთა ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშე ნათია სხირტლაძე ჩაიბარებს. სალომე ხუბულურის შემდეგ, რომელიც 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელია, ნათია სხირტლაძე იქნება მეორე ლიცენზირებული ქალი მწვრთნელი რომელიც კონკრეტულად, ქალთა ფეხბურთში დასაქმდება მთავარი მწვრთნელის რანგში.

„პირველ რიგში ვეცდებით, რომ მიმდინარე ჩემპიონატი ღირსეულად დავამთავროთ.  პარალელურად, შევეცდებით, რომ ცოტა სატურნირო მდგომარეობა გამოვისწოროთ და რაც შეიძლება ზედა საფეხურზე დავასრულოთ წლის ბოლოს. ვიცით, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნება, მაგრამ საკმაოდ ბევრი თამაშია წინ და შეუძლებელიც არაფერია.


ჯერ-ჯერობით, გუნდი მხოლოდ სეზონის ბოლომდე ჩავიბარე. სამომავლოდ შევხედავთ, რისი გაკეთების საშუალება იქნება, რამდენად მოვახერხებთ საჭირო ცვლილებებს გუნდში, მანამდე კი წარმატებას ვუსურვებ გოგონებს დარჩენილ თამაშებში", - ამბობს ნათია სხირტლაძე, TSFF.Ge-სთან საუბარში.


ქალთა ჩემპიონატი საზაფხულო და საკმაოდ ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ, სექტემბრიდან განახლდება, როგორც ქალთა ლიგა, ასევე ქალთა ლიგა 2. შეგახსენებთ, რომ სოხუმის „დინამო", რომელიც წლების მანძილზე ქალთა მთავარ ჩემპიონატში ასპარეზობდა და არც თუ ურიგოდ, 2024 წლის სეზონზე, ქალთა ლიგა 2-ში ასპარეზობს და 14 გუნდიან ჩემპიონატში, არასახარბიელოდ, მე-12 ადგილზეა.