საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ხორვატია 90-81 (სტატისტიკა) დაამარცხა და A დივიზიონში დასარჩენად ბოლო მატჩის მოგება სჭირდება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე 16 ნაკრები მონაწილეობს, რომელთაგან 4 შემორჩა ისეთი, კონტინენტის ჩემპიონობისთვის რომ იბრძვის, 2-მა უარესი შედეგის მქონე გუნდმა - ბულგარეთმა და ხორვატიამ - A დივიზიონი უკვე დატოვა და დარჩა 1 გუნდის გამოვლენა, რომელიც B დივიზიონში დაქვეითდება და რომელიც საქართველო-პოლონეთის მატჩში დამარცხებული იქნება.
საქართველო ხვალ პოლონეთს მე-13-ე ადგილისთვის ხვდება და გამარჯვებული A დივიზიონში დარჩება, ხოლო წაგებული, მე-15 და მე-16 ადგილებზე გასულ ბულგარეთსა და ხორვატიასთან ერთად B დივიზიონში დაქვეითდება. ფინეთთან დასანანი მარცხის შემდეგ ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა ძალები მოიკრიბა და უაღრესად პრინციპულ მატჩში ხორვატია დაამარცხა.
გამარჯვებულთაგან 28 ქულითა და 4 პასით საუკეთესო იყო მათე ყავლაშვილი. 14 ქულა და 7 მოხსნა ილია სულაძემ მიითვალა, საბა ჟღენტმა 14 ქულა და 5 მოხსნა დააგროვა, მათე ხატიაშვილის ანგარიშზე კი 13 ქულა, 8 პასი და 6 მოხსნა დაგროვდა.