21 აგვისტოდან საქართველოს ჩემპიონი ფუტსალში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე იწყებს ასპარეზობას
21 აგვისტოდან საქართველოს ჩემპიონი ფუტსალში უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე იწყებს ასპარეზობას
16.08.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

19 აგვისტოს საქართველოს ჩემპიონი ფუტსალში მოლდოვაში გაემგზავრება და კიშინიოვიდან ნახევარი საათის სავალში მდებარე პატარა ქალაქ კრიკოვაში დაბინავდება, სადაც ფუტსალში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ჯგუფის თამაშებს გამართავს. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანს"-ის, შესარჩევ ციკლს რიგი ცვლილებებით და იმედიანად ხვდება.


„ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე, მხოლოდ ერთი გუნდი გადის. ეს, ჩვენი კლუბისთვის, რა თქმა უნდა მისიას უფრო ართულებს. პატარა შეცდომის დაშვების უფლებაც არა გაქვს. ამ შესარჩევი ციკლისთვის უკვე სამი კვირაა ვემზადებით და ორი დღეა შეკრებაზეც გადავედით. უიმედოდ, არც ღირს ტურნირზე წასვლა, ამიტომ იმედი გვაქვს. ჩვენი გეგმა მინიმუმი, ყველა ვარიანტში, არის ჯგუფიდან გასვლა. რთული იქნება, მაგრამ ადვილი, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის დაძლევა, არ არის. გუნდში არის ცვლილებები, რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა. შესაბამისად, მოვიდნენ ახლებიც. გავძლიერდით ამით, თუ არა, ვერ ვიტყვი. ვფიქრობ, რომ არ დავსუსტებულვართ, დანარჩენი თამაშებში გამოჩნდება. ერთი სამწუხარო ის არის, რომ არც ერთი სპარინგი არ გვქონია გამგზავრებამდე და პირდაპირ ამ ჯგუფური თამაშების დროს მოგვიწევს ასპარეზობა - ჩვენი ჩემპიონატის ბოლო თამაშების შემდეგ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, TSFF.Ge-სთან საუბარში.


მოგეხსენებათ, ფუტსალში საქართველოს ჩემპიონატი ივნისის დასაწყისში დასრულდა. შესაბამისად პაუზა, უეფა-ს ტურნირისთვის მოსამზადებელი ეტაპის დაწყებამდე 2,5 - 3 თვემდე გამოვიდა. სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონმა, ვერ მოახერხა ვერც გასვლითი შეკრების მოწყობა და შესაბამისად, იქ სპარინგების ჩატარება, რომელიც გუნდს ტონუსში მოიყვანდა. ვერ მოხერხდა ამხანაგური მატჩების გამართვა ვერც საქართველოში, რადგან ახალი სეზონისთვის ფუტსალის ლიგაზე მოასპარეზე გუნდებს ჯერ მზადება არ დაუწყიათ.


გამომდინარე აქედან, ავთანდილ ასათიანის კლუბისთვის მიზანი რთულია, მაგრამ არა შეუსრულებადი. G ჯგუფი, რომელშიც ჩვენი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანს" მოხვდა, საქართველოს ჩემპიონი „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანს", ბოსნიურ „შიროკი ბრიჟეგ"-თან (MNK Široki Brijeg), მოლდოვურ „კლიკ კიშინაუსთან" (FC Clic Chişinău) და ისრაელის წარმომადგენელ „მაქაბი ნეტანია"-სთან (Maccabi Netanya Futsal) ერთად მოხვდა. ერთი საინტერესო დეტალი, ქართული კლუბისგან განსხვავებით, ყველა ჩვენი მეტოქე, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გათამაშების დებიუტანტია, თუმცა, ეს გარემოება, ასათიანის გუნდს მოდუნების საშუალებას არ აძლევს.


ტურნირის დებულების თანახმად, B ფასში, სადაც ქართული გუნდიც ასპარეზობს, 32 გუნდი 8 ქვეჯგუფშია გადანაწილებული და მინი ტურნირებში ავლენს გამარჯვებულს. „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანს" 20-24 აგვისტოს მოლდოვაში იასპარეზებს.


საქართველოს ჩემპიონი საერთო ჯამში სამ შეხვედრას გამართავს:

21 აგვისტო / 19:30  „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანს" - „კლიკ კიშინაუსთან"

22 აგვისტო / 16:30 „შიროკი ბრიჟეგ" - „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანს"

24 აგვისტო / 16:30 „მაქაბი ნეტანია" - „ნიუ ვიჟენ ჯორჯიანს"


საკვალიფიკაციო ეტაპის 8 ჯგუფის გამარჯვებული, იმ 24 გუნდს (და მათ შორის ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონი, ესპანური „პალმა", რომელშიც ჩვენი ბრაზილიელები ასპარეზობენ) შეუერთდება, რომლებიც მაღალი კოეფიციენტის წყალობით, პირდაპირ მოხვდნენ მეინ რაუნდში. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2024-25 წლების გათამაშების ეს ეტაპი 22-27 ოქტომბრის პერიოდშია დაგეგმილი. საინტერესოა, რომ ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულები ე.წ. B ფასში, ასევე 4 ჯგუფს შეუერთდებიან, რომელთა წილისყრაც უკვე ჩატარებულია და შესაბამისად, სავარაუდო მეტოქეების ვინაობაც.


ქართული კლუბი, ჯგუფური ეტაპის მოგების შემთხვევაში ავტომატურად მე-7 ჯგუფში მოხვდება, სადაც ორი მეტოქის ვინაობა ცნობილია - Luxol St. Andrews Futsal (MLT), Futsal Klub Lučenec (SVK, hosts), რომელსაც საკვალიფიკაციო ეტაპის  C  ჯგუფის (Akaa Futsal (FIN), Tirana Futsal (ALB, hosts), TSV Weilimdorf (GER), Ísbjörninn (ISL)) გამარჯვებულიც დაემატება. მეინ რაუნდის ტურნირი კი, ზემოთხსენებულ დღეებში გაიმართება.


და აქვე, მომდევნო ეტაპების კალენდარსაც გაგაცნობთ, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს:


31 ოქტომბერი -  ელიტ რაუნდის წილისყრა

26 ნოემბერი - 1 დეკემბერი - ელიტ რაუნდი

ფინალური ეტაპის წილისყრა - თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი

2025 წლის 1 ან 2 და 3 ან 4 მაისი - ფინალი



ფოტო: © ფუტსალის ლიგა