14-24 აგვისტოს თბილისში, ჭადრაკში, ქალთა შორის 2024-2025 წლის გრან-პრის გათამაშება მიმდინარეობს. ღონისძიება ოფიციალურად 14 აგვისტო, სასტუმრო „ბოლტმორში" გაიხსნა.
„საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია არის მსოფლიო საჭადრაკო ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წევრი და ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ აქ წელს ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდება, რომელიც მსოფლიო საჭადრაკო ორგანიზაციის 100 წლის იუბილეს ეძღვნება. ერთი უკვე ჩატარდა ბათუმში, მეორე კი გახლავთ თბილისის გრან-პრის გათამაშება. ძალიან ვაფასებთ იმას, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს უწევს ორგანიზებას", - ამბობს ემილ სუტოვსკი, მსოფლიო საჭადრაკო ორგანიზაციის (FIDE) გენერალური დირექტორი
ქალთა შორის გრან-პრის 2024-2025 წლის გათამაშებაში მონაწილეობენ:
- ნანა ძაგნიძე (საქართველო)
- ლელა ჯავახიშვილი (საქართველო)
- ანა მუზიჩუკი (უკრაინა)
- მარიამ მუზიჩუკი (უკრაინა)
- სარასადატ ხადემალშარიეჰი (ესპანეთი)
- რამეშბაბუ ვაიშალი (ინდოეთი)
- ალინა კაშლინსკაია (პოლონეთი)
- ბიბისარა ასაუბაიევა (ყაზახეთი)
- სტავრულა ცოლაკიდუ (საბერძნეთი)
- ალეკსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია)
გრან-პრის გათამაშება ჭადრაკში ქალთა შორის - ეს არის ტურნირების სერია მსოფლიოს 20 უძლიერეს მოჭადრაკე ქალთა შორის და ქალთა ჭადრაკში ყველაზე მნიშვნელოვან ასპარეზობად ითვლება.
გრან-პრის სერია ორი წელი გრძელდება და მის ფარგლებში ექვსი ტურნირი ტარდება თითოეულში 10 მოჭადრაკის მონაწილეობით. სერიის ყველა მონაწილე ვალდებულია 3 მათგანში მიიღოს მონაწილეობა, მონაწილეებს ქულები ეწერებათ დაკავებული ადგილების მიხედვით.
დაგროვილ ქულათა საერთო ჯამით ორი საუკეთესო მოჭადრაკე მოიპოვებს მონაწილეობის უფლებას 2026 წელს დაგეგმილ ფიდეს კანდიდატთა ტურნირში ქალთა შორის, სადაც გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ფოტო: საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია