ევროტურნირები „იბერია 1999“-მაც დატოვა
ევროტურნირები „იბერია 1999“-მაც დატოვა
15.08.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თურქული „ბაშაქშეჰირის" მთავარი მწვრთნელის „სატკივარი" კარგი ტრანსფერები, ალბათ, ფლეი-ოფის მატჩების დროსაც და შესაძლოა, თუკი, მოახერხა სტამბოლურმა გუნდმა ჯგუფში მოხვედრა, მაშინაც გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი ორი შეხვედრის ჯამში თურქულმა კლუბმა 3-0 მოიგო, თბილისის „იბერია 1999"-ის სიძლიერის გუნდის წინააღმდეგ, გამოუყენებელი მომენტების პროცენტული მაჩვენებელი აშკარად კრიტიკას იმსახურებს. თუმცა, ამავე ორი შეხვედრიდან გამომდინარე, იგივე სატკივარი ქართულ გუნდსაც აქვს. ყოველ შემთხვევაში, ის რასაც „იბერია 1999"-ი ეროვნულ ლიგაში ახერხებს, ევროსარბიელზე, აშკარად არ ჭრის.

„ფათიჰ თერიმის" სახელობის სტადიონზე, მასპინძლებს პირველ ათ წუთში ორი კარგი მომენტი ჰქონდათ, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწიეს. სამაგიეროდ ბურთიც დაიჭირეს და სათამაშო უპირატესობასაც დაეუფლნენ. მიუხედავად ამისა, ლევან კორღალიძის გუნდი, შიგადაშიგ ახერხებდა „ბაშაქშეჰირის" განერვიულებას. მაგალითად, მე-12 წუთზე, როდესაც გიორგი კოხრეიძეს ჰქონდა ანგარიშს გახსნის შესაძლებლობა. სხვათა შორის, მასვე, ამავე ტაიმში კიდევ ჰქონდა ერთი კარგი საგოლე მომენტი. ტაიმი კი ფრედ, 0-0 დასრულდა.


თურქულმა კლუბმა, მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო და ქრჟიშტოფ პიატეკმა საჯარიმოდან საკმაოდ მარტივად მოახერხა იბერიელთა კარის აღება. 61-ე წუთზე, კიდევ ერთი სტანდარტული, ამჯერად გოლში „ბაშაქშეჰირის" ბერძენმა ფეხბურთელმა დიმიტრიოს პელკასმა გარდასახა.


სამწუხაროდ, ქართულ გუნდს, ვერც შეცვლებმა უშველა, დრო იწურებოდა და 3 გოლის გატანა, რათა თამაში დამატებით დროში გადასულიყო, სულ უფრო აბსურდული ხდებოდა. „იბერია 1999"-მა 2-0, ორი შეხვედრის ჯამში კი, 3-0 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.



ფოტო: © Başakşehir F.K.