წერილი კოლეგებს, შენ კი, მშვიდად იძინე სიმბა!
წერილი კოლეგებს, შენ კი, მშვიდად იძინე სიმბა!
15.08.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, არჩილ ბადრიაშვილი დავასაფლავეთ. ახალგაზრდა კაცი, რომელიც მეხმა იმსხვერპლა შხელდაზე (შხელდა ჰქვია იმ მთას, არა შხარა - ის სხვაა და მყინვარწვერი კიდევ, საერთოდ სხვაგანაა... მყინვარები კიდევ, მთების ძირში ყინულის მასაა, რომელიც სხვთა შორის მოძრაობს... ჰო, მთა რა არის აქ არ ავხსნი... სხვა სტატუსში მაქვს ახსნილი) და მისი სიკვდილიც მეხივით გავარდა ამბად! ყველამ დაიწყო კაკუნი, პროფესორობა და, და, და...


დღეს, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ალპინიზმში, თანამედროვე ალპინიზმის ერთ-ერთი თვითმყოფადი სახე, ოქროს წერაყინის მფლობელი, ნოვატორი კაცი დავკრძალეთ. ლურჯი მონასტრიდან, ჩავატარეთ ალპური კლუბის წინ, საიდანაც წესით ეკუთვნოდა გამოსვენება (მავანმა თქვა მერე ყველა იქიდან მოითხოვს დაკრძალვასო!!! აი, ასე მარტივად, დაალაგა ბიჭები და ჰაიდა... ), რამდენიმე წუთით ვერის ბაღის გადასახედთან, იქ სადაც ჯაფარიძეა დაკრძალული (თუ იცით, რომ საერთოდ იქ ვინმეა დაკრძალული?) და მერე საბურთალოს სასაფლაოზე წაასვენეს (იქ, სადაც შორიახლო ლევან თათარაშვილი (2005-ში შხელდაზე გადარჩენილი და იმავე დღეს, იმავე დროს 2007 წელს უკვე თბილისში, ძველი ეკონომიკის სამინისტროს შენობის სასიმაღლო სამუშაოების დროს გარდაცვლილი) და ვანო იმნაიშვილი (2023 წელს, მყინვარწვერზე გაყინული) მთამსვლელები განისვენებენ) და მიწას მივაბარეთ...


ალპინიზმი უმაყურებლო სპორტია. ვიღაცეები იქაურ სირთულეებზე კინოებით და რომანტიზმამდე დაყვანილი ნაწარმოებებით მსჯელობენ, არადა, რეალურად სულ სხვა სამყაროა, მკაცრი, დაუნდობელი და "რამანწიკისთვისაც" დრო არ გრჩება...


სენსაციებზე მონადირე მედიის ნაწილს (ისე, არც მეორე ნაწილი ჩამორჩებოდა), რომ სცოდნოდა, თეა წულუკიანი, სამოქალაქო სამძიმარზე, რიგითი მოქალაქესავით რიგში დადგებოდა იქ ალბათ, ჩამოდგებოდა მიკროფონების რიგი და ატყდებოდა შტატივების რახარუხი... ჰო, არ იცოდნენ, თორემ იმის „ხათრით" მაინც მოვიდოდნენ, სულ სხვა თემაზე შეეკითხებოდნენ და იქნებ, მერე რომელიმე ტელევიზიას ენამუსა და ეთქვა, რომ დღეს საქართველოსა და თანამედროვე ალპინიზმის სახე, ჩუმად, სამეგობრო წრემ მიაბარა მიწას!


ხო, არც ის იცოდით, რომ ის მაშველი-მთამსვლელებიც იქ იყვნენ დღეს, ვინც ჯერ სამი ადამიანი ცოცხლად ჩამოიყვანა მთიდან და მერე, უკიდურესად რთულ პირობებში სიმბაც ჩამოგვიყვანა სვანეთიდან თბილისში.


დღეს, მთელი „მთა" თბილისში იყო, მაგრამ მთაში რომ „პარკეტი" არაა, და აბა, "მთის ბილიკებზე", როგორ მოცდებოდით...


ალპინიზმი უმაყურებლო სპორტია და თქვენგან განსხვავებით, სენსაციების მოყვარულო ჩემო კოლეგებო, დღეს, არჩილის დაკრძალვაზე სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა პროფესიის, მთებში ნავალი ხალხი ვიყავით...


დღეს, დასრულდა ქართული ალპინიზმის კიდევ ერთი ეპოქა... წინა მიხეილ ხერგიანის სიკვდილის შემეგ, დღეს ეპოქა, რომელიც წესით ახლა უნდა "გახურებულიყო"... ასე, ყველაფერზე რომ დარბიხართ, ისტორიისთვის, რაღაც კადრები რომ მაინც შემოგენახათ არ გინდოდათ?



ფოტო: ნინო ალავიძის

პს - რამდენიმე კოლეგა შევნიშნე, მადლობა მათ არჩილის დაფასებისთვის..