საქართველოს დავით ყიფიანის თასის ყველა 1/4 ფინალისტი ცნობილია. „დინამო თბილისის", „კოლხეთი 1913"-ის, „თელავის", „რუსთავის" „დინამო თბილისი 2"-სა და „სპაერის" შემდეგ, საქართველოს თასის მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება ბათუმის „დინამომ" მოიპოვა.
თასის გათამაშების ეს გადადებული შეხვედრა დღეს, ტყიბულში, ვლადიმერ ბოჭორიშვილის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ბათუმელებს, შეიძლება ითქვას, გაუმართლათ, რადგან აღნიშნულ სტადიონზე, უამინდობაში თამაში, ალბათ, ბევრად უფრო რთული იქნებოდა, გუნდისთვის, ვინც საუკეთესო საფარზე თამაშს მიჩვეული, თუმცა, უფერულობაამ შეხვედრას არც ისე აკლდა. ალბათ, ყველაზე დამამახსოვრებელი მომენტი, მინდორზე შემოსული ორი ძაღლი იყო, რომელთა გაყვანაზე დახარჯული 9 წუთი, შემდეგ პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში აისახა.
რეალურად, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, რომელიც ყველანაირი ტექნიკური პრობლემის მიუხედავად ამ წყვილში ფავორიტად ითვლებოდა, მხოლოდ 35-ე წუთზე მოახერხა „მეშახტის" კარში პირველად დარტყმა, თუმცა, ლევან ტყეშელაშვილი მოწოდების სიმაღლეზე იდგა, ისევე, როგორც კიდევ რამდენიმე მომენტში ამ შეხვედრაში. ტყიბულელთაგან ალაბათ კიდევ, დიმა ღურწკაიას გამოვყოფდით, რომელსაც ტაიმის მიწურულს ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა, გოლი გასახდელში, სწორედ „მეშახტემ" ჩაიტანა. პირველი ტაიმის დამატებულ დროში, ანგარიში დავით მუჯირმა გაიტანა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან მალე, 54-ე წუთზე ღურწკაიას აქტიურობას, გიორგი ბუხაიძს გოლი მოჰყვა. 84-ე წუთზე კი, მასპინძელთა კარი ხარიხამ იხსნა. ამის შემდეგ, საკმაოდ საკამათო და ალბათ, VAR-ის არსებობის შემთხვევაში მინდვრის მსაჯის გადაწყვეტილება შეიცვლებოდა, ბათუმელთა სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. კადრებში, რომელიც რეპორტაჟის დროს არაერთხელ გამოჩნდა კარგად ჩანს, როგორ უცურებს ბათუმელი ფეხბურთელი სტატიკურ მდგომარებაში მყოფ „მეშახტის" მოთამაშეს ფეხს და კარგი სამსახიობო ნიჭის წყალობით, მსაჯს აიძულებს წესების დარღვევის იმიტაცია დაიჯეროს. კვლავ ვიმეორებთ, VAR-ი (განსხვავებით თასის კიდევ ერთი 1/8 ფინალისგან, რომელშიც „პეტრო არენაზე" „იბერია 1999"-მა „დინამო თბილისს" უმასპინძლა და იქ ვიდეო რეფერის ოთახში, გამოცდილი და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები მუშაობდნენ), ტყიბულში არ იყო, შესაბამისად, მომენტიც ვერ გადამოწმდა. ბუბაქარ ტამბედომ კი 87-ე წუთზე, ბათუმელები დააწინაურა, 1-2 და შესაბამისად, 1/4 ფინალის საგზურიც მოუტანა.
შეგახსენებთ რომ 1/4 ფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:
„დინამო თბილისი" - „დინამო" ბათუმი"
„გარეჯი" - „კოლხეთი 1913" ფოთი
„სპაერი" - „თელავი"
ეს სამი მატჩი 18 სექტემბერს გაიმართება. კიდევ ერთი დაპირისპირება „დინამო თბილისი 2"-სა და „გაგრას" შორის, 22 ოქტომბერს ჩაინიშნა - მიზეზი, „დინამო თბილისის 2"-ის (ამ გუნდის შემადგენლობა ახალგაზრდულია), მონაწილეობაა, უეფა-ს ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, რომლის წილისყრაც 3 სექტემბერს არის ჩანიშნული, პირველის მატჩის დღე კი, სწორედ 18 სექტემბერია.