მთაში ბევრი მეგობარი და ნაცნობი მყავს დაღუპული. ვინც იქ იარა, ღრმა სიბერეში. შეიძლება წლებიდან და ასაკიდან გამომდინარე ბევრად უფრო ტიტულოვანი... პირველი ვინც ასე მთაში წავიდა და აღარ დაბრუნდა ვანო იყო გულედანი. თუმცა, ბევრი მიზეზის გამო, დღეს ქართულ ალპინიზმში, ეპოქა ისე დასრულდა, რომ რეალურად დაწყება ვერ მოასწრო... აქვე, იმ ტერმინოლოგიისთვის, რომელიც მთაში (ლინიზმში) მიღებულია, ისე, მაყურებლისთვის კი უცხო, წინასწარ გიხდით ბოდიშს.
ვიდრე არ ჩავლენ და ფიზიკურად არ შეეხებიან, ამ მოცემულობას არ დავიჯერებთქო, არც დავწერთქო... პატარა ხომ არ ხარ, სასწაულების რატომ გჯერაო, 150-200 მეტრი იფრინა, მეხი მოხვდა და მოწყვიტა, ნეტა შენ როგორც გინდა ისე იყოს, მაგრამ -ო... მინდოდა ცოცხალი ყოფილიყო, ნებისმიერ ფორმაში ცოცხალი, რუსკასთვის, ნინოსთვის, ზურასთვის, მეგობრებისთვის... თუმცა, ვიცი, ასეთ ნებისმიერ ფორმაში სიცოცხლეს, თავად იქ, მთებში „დარჩენა" უფრო გაუსწორდებოდა. რა უცნაური ხალხია არა აპლინისტები?
პირველ ფოტოზე მესნერთან ერთად გადაღებული ფოტოა, მივწერე რა ხდებათქო და მესტიაშია, მთის ფესტივალზე, კარგი ამბებით დაგიბრუნდებიო შემპირდა. მეორე ფოტოზე ჩვენს პროექტში, „სპორტფოტო 2023"-სთვის გამოგზავნილ ფოტოებზე მწერს. ყველაზე აკურატული ყველა ავტორში, ფოტოების ანოტაციებითა და აღწერით, თან ქართულ და ინგლისურ ენაზე! 10 წლის მანძილზე რაც პროექტს ამ სახით ვაკეთებ, ყველაზე მოწესრიგებულია ავტორებიდან... ექსპედიციებში ყოველთვის ჰქონდა ჩვენი ბრენდირებული მაისური და თავადაც წერს, უყვარდა მასში მონაწილეობა... ესეც იმ ფოტოებიდან ორი, რომელიც კატალოში შევა და აუცილებლად ამ წლის ბოლომდე გამოიცემა... ალბათ, 2024 წლის მასალაზე სულ „ჩემი ძმა" რომ ეკერე პირზე იმ ადამიანისგან მოგვიწევს მასალის მიღება.
ერთ-ერთ ფოტოზე შხელდაა, ფოტო ავთო ჯაფარიძის მიერ არის გადაღებული და ის სპორტფოტოს 2023 წლის გამოცემაში შევა. როდესაც ეს ფოტო ნიკა ლებანიძეს ვაჩვენე, ამ მხარეს, „კასალაპას" ავარია მოხდა, ახლა სხვა მხრეს იყვნენო. ალბათ, 2023 წელს, უშბაზე მყოფი ბიჭები, ასე შორიდან ტკბებოდნენ შხელდის სილამაზით, რომელმაც ერთ წლის თავზე, მათ დიდი თავსატეხი დაატეხა. თუმცა, მანამდე არჩილმა შხელდაზე მარტომ მოახერხა ასვლა და დაბრუნება.
პირველად, ლეღვთახევში გავიცანი. ე.წ. „სკალადრომზე" არავინ იყო, სოფოს, ლიკას და ჩემს გარდა. არ მახსოვს, სოფო ცოცავდა და ლიკა დაცვაზე ედგა თუ პირიქით, მე გრძელ და მრგვალ მილზე ვიყავი ჩამომჯდარი, როდესაც „მდინარეზე" მამაკაცი და ორი პატარა ბავშვი გადმოვიდნენ. მამაკაცი ზურა იყო, პატარები არჩილი და რუსკა, ლამაზები, საყვარლები. ბიჭი, უფრო მორიდებული, დიდ თვალებით და ყველაფერს აკვირდებოდა. გოგო, უმცროსი და უფრო აქტიური. ამასობაში კედელზე მეორე თოკიც გაიტანეს. მამაკაცმა, ბიჭი შეამზადა და თოკში ჩააბა. პატარა გოგო გვერდზე მომიჯდა, ნიკაპთა ხელი მიიტანა, ოდნავ თვალები მოჭუტა და კლდეზე მცოცავ ბიჭუნას დააკვირდა, რომელიც საკმაოდ მოქნილად მოძრაობდა და იმ გზას საკმაოდ მარტივად გადიოდა, რომელიც ბევრ უფროსს უჭირდა. პირველ „პოლკამდე" (ვცდილობ, ის ტერმინები გამოვიყენო, რასაც იმ პერიოდში ვიყენებდით. ახლა, იმ ადგილამდე მისასვლელად იმდენი თავგადასავალი უნდა გადალახო, რომ წლებია აღარ ვყოფილვარ) მივიდა, ზევით მიიწევდა, მაგრამ მამაკაცმა უთხრა, გეყოფა ჩამოდიო. გვერდით მჯდომმა პატარა გოგომ ნიკაპიდან ხელი ჩამოიღო, თვალები უციმციმებდა, ნერწყვი გადაყლაპა და ამაყად გვითხრა, ეს ჩემი ძმააო.
დაახლოებით, ოთხ თვეში, ოქტომბერში, „მისი ძმა" თბილისის რკინიგზის სადგურზე, ვაგონთან ჩაგვაბარეს და ბათუმისკენ მიმავალ მატარებელში ჩაგვისვეს. მაშინ კვარიათში, მიხეილ ხერგიანის მემორიალი ტარდებოდა. ეს ცუცქნა ბიჭი, ყველაზე პატარა იყო მონაწილეებს შორის ასაკით. უფროსებს, ასე კნუტივით დაგვყვებოდა (როგორც მემეშიშების სახლის ეზოში გადაღებულ ამ ფოტოზეა ფახლავას დაგემოვნებისას ჩანს), კლდეზე კი ვეფხვის ბოკვერივით იყო.
უკვე მომდევნო დასამახსოვრებელი შეხვედრა ჭაუხში შედგა. ამ პატარა ბიჭს უკვე სიმბას ვეძახდით და მოუსვენარ და ონავარ რუსკასაც ყველა ვიცნობდით. არჩილი, სიმბა მეცხრე წელში იყო, ზურამ რომ მწვერვალზე წაიყვანა. რუსკა მე დამიტოვეს (ეს ცალკე ისტორიაა). მახსოვს, კარვიდან გამოსულს, მთაზე მიმავალ არჩილს, როგორ უელავდა თვალები. იმ მწვერვალზეც ავიდა და თუ სწორად მახსოვს, იმ წელს კიდევ ორზე... მერე წავიდა და წავიდ... სანამ ოქროს წერაყინი არ აიღო შამონიში და მთაში არ დარჩა... აი ეს, უკვე ჩვენთვის, მისი მეგობრებისთვისა და ახლობლებისთვის ყველაზე მძიმეა... მე არ ვაპირებ დავწერო ვინ იყო, როგორი იყო, რა თვისებები და მიღწევები ჰქონდა, ეს იმ სპორტული ვებ-გვერდის ჩვეულებრივი და საინტერესო მიმართულება იყო, რომელსაც უმაყურებლო სპორტს ეძახიან და მეც ვცდილობდი, არჩილის მაგალითით, არჩილის „დღიურებით" ფართო წრეებამდე მთის ხიბლი მიმეტანა, მთელი თავისი თანმხვედრი სირთულეებით.
10 აგვისტო ქართული სპორტის ისტორიაში და არა მხოლოდ სპორტის მთლიანად საქართველოს ისტორიაში ჩაიწერებაო. ეს ფრაზა, იმ დღეს, კომენტატორებმაც, რომლებიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მუშაობდნენ ბევრჯერ გაიმეორეს და დღის ბოლოს მეც დავწერე სტატიებში, რადგან დამოუკიდებელ საქართველოში პირველად მოხდა, რომ ორმა ქართველმა, ორ სხვადასხვა სახეობაში ოლიმპიური ოქრო აიღო, გენო პეტრიაშვილმა თავისუფალ ჭიდაობაში და ლაშა ტალახაძემ ძალოსნობაში. სხვათა შორის, ასეთი 1952 წელს მომხდარა, როდესაც მართალია სსრკ-ს სახელით, მაგრამ ჩვენს რაფაელ ჩიმიშკიანს ძალოსნობაში და დავით ციმაკურიძემ თავისუფალ ჭიდაობაში მოიგეს ოქრო, ეს ისე, გადახვევა. ქართული სპორტისთვის 2024 მართლა საინტერესო და ემოციურად დატვირთული იყო, ალბათ ისევე, როგორ 1981 წელი. მორიგი დამთხვევაა ხომ? იმ წელს, თბილისის „დინამომ" თასების მფლობელთა თასი მოიგო, ქვემო სვანეთში მაჩხაპარაზე კი, მეხით სერგო ბარლიანი დაიღუპა. ის იყო ერთადერთი ქართველი მთამსვლელი, რომელიც მეხმა იმსხვერპლა. იყო, 2024 წლის 10 აგვისტომდე.
სიმბოლოები, პარალელები, ცრურწმენები - შესაძლოა ბევრს არ სჯერა მსგავსი რამის, მთამსვლელთა ნაწილიც ასეთ გარემოებებს, უფრო ბედისწერას მიაწერს. ბავშვობაში, როდესაც ძლიერი ჭექა-ქუხილი იყო, მამა ფანჯრიდან გამახედებდა და მშვიდად გვეტყოდა, ზევსია თავის მარხილით გამოსული და დააჭენებსო, საშიში არაფერიაო. 10 აგვისტოსაც ეტყობა ოლიმპიელების ღმერთმა, ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე ერთი დღით ადრე, გამოსეირნება გადაწყვიტა და იმ ქვეყნის მონახულებაც, სადაც მთელი მსოფლიოა ალაპარაკებული პლანეტის უძლიერესი კაცი ცხოვრობსო. ამ დროს, შხელდიდან ამ ქვეყნის მთამსვლელთა ოთხკაციანი ჯგუფი (არჩილ ბადრიაშვილი, ავთო ჯაფარიძე, ნარიმან ჯაფარიძე და ბეშქენ ფილფანი) ეშვებოდა, უამონდობაში, „პეტუხზე" ჯიბიდან... ზევსმა ადამიანები შენიშნა, აღფრთოვანდა, თუმცა, მეხი მაინც გაუვარდა და მთის რჩეულს გაარტყა, ეს ბიჭი ჩემთან მინდაო. მთამსვლელი მოწყდა ბაქანს და გაფრინდა... მეხის სიძლიერემ სხვა სამი ბაქანზე დაჰყარა... არჩილი რუსეთის მხარეს, ნაპრალში დაინახეს ჩავარდნილი...
„შხელდის ჟანდარმი, ფოტო მწვერვალიდან. ჟანდარმზე კი ჩემი ყვითელი კარავი" - ასე დაასათაურა არჩილმა ფოტო, რომელსაც ამ წლის ბოლომდე აუცილებლად იხილავს ფართო საზოგადოება მის მიერ გადაღებულ სხვა ფოტოებთან ერთად. როდის, ჯერ არ ვიცი, „ფანჯარას" ველოდებით.
რუსებმა, ქართველ მაშველებს შეფრენისა და სამაშველო სამუშოების ნება დართეს. გუშინ, დაინახეს სადაც იყო, მაგრამ უამინდობის, ძლიერი სეტყვისა და ზვავის გამო, არჩილამდე ვერ მივიდნენ. დღეს დილიდან მაშველებმა განაახლეს სამუშაოები და დაახლოებით ერთი საათის წინ მესტიაში, სიმბას ცხედარი გადმოასვენე. ცუდი ხილვადობის გამო, ცხედრის თბილისში გადმოსვენება ვერ მოხერხა.
ვიდრე არ იტყვიან რომ გარდაიცვალა ამ გარემოებას არ მივიღებთო... ორი დღე გავჯიუტდი, მაგრამ მიწევს იმის თქმა და დაწერა, რომ ჩემი პატარა მეგობარი სიმბა, არჩილ ბადრიაშვილი წავიდა მწვერვალზე. წავიდა იმ დღეს, რომელიც საქართველოს ისტორიაში ჩაიწერა.