მეთექვსმეტე დღე - გენოს და ლაშას ოქრო და კიდევ ერთის მოლოდინი
მეთექვსმეტე დღე - გენოს და ლაშას ოქრო და კიდევ ერთის მოლოდინი
11.08.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2024 წლის 10 აგვისტო ქართული სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება. ამ დღეს, დამოუკიდებელი საქართველოში, პირველად ქართველებმა ორი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგეს. ამასთან, ეს ყველაფერი, დაახლოებით ერთი საფეხბურთო ტაიმს განმავლობაში მოხდა. ჯერ, იყო და გენო პეტრიაშვილმა მოიგო პარიზული ოქრო თავისუფალ სტილით ჭიდაობაში, შემდეგ კი, ლაშა ტალახაძე, ზედიზედ მესამე ოლიმპიური თამაშების მოგება მოახერხა ძალოსნობაში.


თუმცა, მოდით მივყვეთ დღის თანმიმდევრობას. ქართველთაგან დღევანდელ დღეს ასპარეზობა პირველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავემ გოდერძი ძებისაშვილმა დაიწყო. სამწუხაროდ, 65 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი პირველივე დაპირისპირებაში, სომხეთის წარმომადგენელ ვაზგენ ტევანიანთან 11-0 დამარცხდა. თავის მხრივ, სომეხმა 1/4 ფინალი 7-5 წააგო და ძებისაშვილიც ავტომატურად ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლასაც ჩამოშორდა.


გოდერძის პარალელურად ასპარეზობა დაიწყო 97 კგ წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილმაც, რომელმაც 1/8 ფინალში იოლად, 12-2 მოუგო სამხრეთ აფრიკელ დე ლანუს. მომდევნო შეხვედრა მაჭარაშვილმა უკრაინის სახელით მოასპარეზე, ქართული წარმომავლობის მურაზ მჭედლიძის წინააღმდეგ გამართა და  აქაც, მარტივად, 11-0 გაიმარჯვა. გივი, 1/2 ფინალში გავიდა და პრინციპულ მეტოქეს, აზერბაიჯანის გუნდის დაღესტნელ ფალავანს, მაგომედხან მაგომედოვს შეხვდა. ერთი საინტერესო დეტალი, ოლიმპიურ ნახევარფინალამდე, მაჭარაშვილს მაგომედოვი სამჯერ ჰყავდა დამარცხებული, 2-ჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალში,  ერთხელ კი, მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეს ორთაბრძოლა, დღის ბოლოს გაიმართა და ქართველის გამარჯვებით, 5-0 დასრულდა. ახლა, მაჭარაშვილი ფინალშია და ხვალ, 11 აგვისტოს, ოლიმპიური ოქროსთვის, ბახრეინის სახელით მოასპარეზე, დაღესტნის კიდევ ერთ წარმომადგენელს, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს აჰმედ ტაჟუდუნოვს შეხვდება. აქვე გეტყვით, რომ ბრინჯაოს მედლისთვის, რეპეშაჟიდან აგრძელებს ბრძოლას უკრაინის სახელით მოასპარეზე მურაზ მჭედლიძე.


დღესვე, დილით იასპარეზა ძალოსანმა ირაკლი ჩხეიძემაც. 102 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა საბოლოოდ, ორჭიდში 393 კილოგრამი დააფიქსირა და მე-5 ადგილით დაასრულა გამოსვლა. ქართველმა ძალოსანმა ზაფხულის თამაშებზე თავის სადებიუტო გამოსვლის ატაცში სამივე ცდა (171 / 176 / 179 კგ)  დაძლია. ქართველმა აკვრაში ასპარეზობა მცირე ტრავმის ფონზე გააგრძელა და საბოლოოდ, სამი ცდიდან, მხოლოდ ერთხელ მოახერხა წონის დაძლევა - 214 კგ.


და მივედით მაჟორულ აკორდებამდეც. თუმცა, ვიდრე გენო პეტრიაშვილის ბრძოლას დავუბრუნდებით, მის მიერ, 1/2 ფინალში დამარცხებული კიდევ ერთი ქართველის წარმატებაც გვინდა გავიხსენოთ.  გიორგი მეშვილდიშვილი, რომელიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე აზერბაიჯანის სახელით ასპარეზობდა ბრინჯაოს მედალი მოიგო. ონელმა ფალავანმა პოლონელი რობერტ ბარანი 8-3 დაამარცხა. უკვე მოგვიანებით, გენოს გამარჯვების შემდეგ კი, კვარცხლბეკზე ასულმა პეტრიაშვილთან ერთად იღიღინა საქართველოს ჰიმნი.


რაც შეეხება გენოს, ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა. ქართველმა კარგად დაიწყო და ანგარიში 10-1 წაიყვანა. ალბათ, რომ არა ჩელენჯი, პეტრიაშვილი ჩემპიონობას პირველ ნახევარშივე მოიპოვებდა, თუმცა, მსაჯების გადაწყვეტილებით დაპირისპირება გაგრძელდა და სრულიად საქართველომაც გვარიანად ვინერვიულეთ, რამეთუ 34 წამით ადრე, 9 ქულიანი უპირატესობიდან, 1 ქულაღა იყო დარჩენილი 10-9. ჩვენ კი, გვახსოვდა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ბოლო წამებიც. თუმცა, გენომ მოახერხა სრულად მობილიზება, შეინარჩუნა სიმშვიდე და  125 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ოქროც მოიგო.


დღის ბოლო ოქრო, ლაშა ტალახაძემ მოიგო. პლანეტის ყველაზე „ძლიერმა კაცმა" +102კგ წონით კატეგორიაში ატაცში 215 კგ დააფიქსირა, აკვრაში 255 დაძლია, ამასთან, პირველ კატეგორიაში მესამე მისვლა გააცუდა, მეორეში კი, ბოლო ცდა არა გამოიყენა, რადგან ორჭიდის ჯამში მას უკვე 470 ქულა ჰქონდა დაგროვილი, რაც ოლიმპიურ ოქროს მედალს ნიშნავდა.


და ბოლოს, ლაშა ტალახაძის მოპოვებული მედალი მე-13 ოლიმპიური ოქროა (ტალახაძისთვის მესამე) დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და 46-ე ოლიმპიური მედალი საერთო ჯამში. პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს გუნდის ანგარიშზე ექვსი მედალია, რომელთაგან სამი ჯუდოკების (ტატო გრიგალაშვილის, ილია სულამანიძის ვერცხლი და ლაშა ბექაური ოქრო), მოკრივე ლაშა გურულის (ბრინჯაო), თითო თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილისა და ერთიც, ძალოსანი ლაშა ტალახაძის ანგარიშზეა.   



ფოტოები: ლაშა კუპრაშვილი / ხატია ჯიჯეიშვილი