მეთხუთმეტე დღე - გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია
მეთხუთმეტე დღე - გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური თამაშების ფინალშია
09.08.2024
ავტორი: TSFF.Ge


პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი მოჭიდავეების წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, დღეს, გენო მალამოდ მოგვეცხო. ქართველი მოჭიდავე, ზედიზედ, მეორე ოლიმპიური თამაშების ფინალში გავიდა და იმედია, ამჯერად, გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ბრინჯაოს ოქროში გადაცვლის. ქართველი ფალავანი ფინალში, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსან, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდება.


დღევანდელი დღე ქართველმა საკმაოდ დამაჯერებლად, ამაღლებული განწყობით და შემართებით ჩაატარა. სხვათა შორის, პირველი ასპარეზობის შემდეგ, ერთ-ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა, პირად ჩათში მოგვწერა, „ეს ის ნაბიჯებია, გენო, რომ იგებსო"...


+125 კგ წონით კატეგორიაშია მოასპარეზე ქართველმა ფალავანმა ასპარეზობა 1/8 ფინალიდან დაიწყო სადაც შეხვედრის დასრულებამდე 50 წამით ადრე, 11-0 მოუგო უკრაინელ ოლეკსანდერ ხოწიანივსკის და 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ამჯერად პოლონეთის წარმომადგენელს, რობერტ ბარანს მოიგო 9-2 და 1/2 ფინალში გავიდა.


ნახევარფინალი ქართული გამოდგა. მართალია გენოს მეტოქე, აზერბაიჯანს წარმოადგენდა, მაგრამ ის ჩვენი „მამლუქი" გიორგი მეშვილდიშილი იყო. ბუნებრივია, მეტოქეები, ონელი გიორგი და გორელი გენო, ალბათ, ყველაზე კარგად იცნობდნენ ერთმანეთს და ამას გარდა, გიორგის გენოსთვის, მწვრთნელთა მიერ მიცემული მითითებებიც კარგად ესმოდა და შესაბამისადაც მოქმედებდა. მიუხედავად ამისა, გენომ სწორი ჭიდაობით, 7-0 მოიგო და ფინალში გავიდა.


მეშვილდიშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.


ხვალ, 10 აგვისტოს გენოს გარდა, საქართველოს კიდევ ოთხი (ჩვენი გუნდის ბოლო) წარმომადგენელი შეეცდება მედლებისთვის იბრძოლოს, მათ შორის თავისუფალი სტილით მოჭიდავეები - 65 კგ წონით კატეგორიაში გოდერძი ძებისაშვილი და 97 კგ წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილი.


ხვალვე, ფიცარნაგზე გამოვლენ ჩვენი ძალოსნებიც: 102 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი ჩხეიძე და +102 კგ-ში ლაშა ტალახაძე.



ფოტო: სეოკ-ი / ლაშა კუპრაშვილი