ქართულ ოლიმპიური გუნდის ყულაბას დასამძიმებლად ორი საასპარეზო დღე და ოთხი სპორტსმენიღა რჩება. დღევანდელი დღე კი, პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კვლავ უიღბლო გამოდგა, თუმცა, ამ „უიღბლობაზე", ალბათ უკვე დამშვიდებულ განწყობაზე და ცივ გონებაზე უფრო სჯობს ფიქრი და ანალიზის გაკეთებას. ფაქტია, რომ „რაღაც" შესაცვლელია...
სამწუხაროდ, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მოასპარეზე ლაშა გობაძე, ბრინჯაოს მედლისკენ მიმავალი გზა ბოლომდე ვერ გაიარა და დანიის სახელით მოასპარეზე ჩეჩენ ტურპალ ბისულტანოვთან 6-0 დამარცხდა.
8 აგვისტო, მოკლე დღე გამოვიდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებისთვისაც, რომლებმაც ოლიმპიურ მედლებს დღეიდან შეუტიეს. 86 კგ წონით კატეგორიაში, ვლადიმერ გამყრელიძე ასპარეზობდა. ქართველი ფალავანი, 1/8 ფინალში, უზბეკეთის წარმომადგენელს, ჯავრაილ შაპიევს შეხვდა და 5-1 დამარცხდა. მოგვიანებით, უზბეკი თავადა დამარცხდა ბულგარელ მოგამედ რამაზანოვთან და შესაბამისად, ქართველიც „ვერ გაიყოლა" - შეგახსენებთ, რომ ¼ ფინალში, უზბეკის წარმატების შემთხვევაში, ქართველს, რეპეშაჟში გადასვლის შანსი ჰქონდა.
ფოტო: ლაშა კუპრაშვილი / სეოკ-ი