ერთ თვეში, უფრო ზუსტად 7 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ახალ თავგადასავალს დაიწყებს და უეფა-ს ერთა ლიგის გათამაშებიდან, კიდევ ერთი ახალი ისტორიული ფურცლის დაწერას შეეცდება. ჯერ-ჯერობით, ამ თქმის საფუძველს, ევრო 2024-ზე ვილი სანიოლის გუნდის ასპარეზობის გარდა, ქართველი ფეხბურთელების სტარტიც გვაძლევს საკლუბო ტურნირებზე.
დღეს, სფფ-ს სანაკრებო გვერდმა ერთა ლიგის პირველ საშინაო თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის თარიღი გამოაცხადა. 7 სექტემბრის მატჩზე, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება, ბილეთების გაყიდვა 15 აგვისტოდან დაიწყება. აქ, გულშემატკივარს გვინდა შევახსენოთ, რომ თამაში, თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე ჩატარდება, გამომდინარე აქედან და გამოცდილებიდან, ალბათ, „სალაროს" (ონლაინ) გახსნა ვერ მოესწრება, ვაკის სტადიონზე, რომ სრული ანშლაგი იქნება.
სფფ-ს ინფორმაციით, „დინამო არენას ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ პერიოდისთვის სტადიონის რამდენიმე სექტორისა და ტრიბუნის გამოყენება შეზღუდულია. შესაბამისად, სტადიონის ტევადობის სრულად ათვისება ვერ მოხდება, ამიტომ ერთა ლიგის პირველი ტურის მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება". ჩვენის მხრივ შეგახსენებთ, რომ „დინამო არენაზე", სამხარაულის დასკვნის შესაბამისად, „დინამო თბილისს", უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგის საშინაო თამაშის უფლება არ მისცეს - მიზეზად, დასავლეთ ტრიბუნის პირველი იარუსის მე-7 და მე-8 სექტორები სახელდება. ჩვენი ინფორმაციით, აღნიშნულ ტრიბუნებს, რომლებსაც მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს არსებობაში, რამდენჯერმე ჩაუტარდა კაპიტალური რეაბილიტაცია, ჯერ კიდევ სსრკ-ს დროიდან ყოველთვის ჰქონდა აღნიშნული პრობლემა. თუმცა, როგორც ჩანს „ვითარება" 26 მარტის თამაშის შემდეგ, უფრო „დამძიმდა".
აქვე, ჩვენის მხრივ, იმედს ვიტოვებთ, რომ იმ გულშემატკივრისთვის, რომელიც თამაშს უშუალოდ სტადიონიდან ვერ მიადევნებს თვალს, სფფ ალტერნატიულ სივრცეს მოაწყობს და მსურველებს იქ მიიპატიჟებს. რაც შეეხება, მესხის სტადიონზე დასასწრები ბილეთების ფასს, იმავე წყაროზე დაყრდნობით, მათი ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. აქვე, შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა აუცილებელია ბავშვებისთვისაც.
ამავე საინფორმაციო წერილში, სფფ-ს უეფა-ს ერთა ლიგის კიდევ ორი საშინაო თამაშს მასპინძელი სტადიონი დაასახელა - 14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის მატჩი, მესხის სტადიონზე გაიმართება. 16 ნოემბერს კი, საქართველო-უკრაინის თამაში ბათუმის აჭარაბეთ არენაზე შედგება.
ჩვენი ინფორმაციით, ვილი სანიოლის გუნდი, ახალი სანაკრებო ციკლისთვის შეკრებას სექტემბრის პირველ რიცხვებში დაიწყებს.