გამომდინარე იქიდან, რომ ბულგარელმა სიმიონ ნოვიკოვმა დღეს, პარიზში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 87კგ წონით კატეგორიაში მოახერხა ფინალში გასვლა, ქართველ ლაშა გობაძეს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი გაუჩნდა. შესაბამისად, ქართველმა ბრინჯაოს მედლისკენ გზა ბეწვის ხიდით გააგრძელა, თუმცა მიზნის მისაღწევად, ეს გზა ბოლომდე აქვს გასავლელი. გობაძე, ხვალ 13:00 საათიდან რეპეშაჟიდან გააგრძელებს და დანიის სახელით მოასპარეზე ჩეჩენ ტურპალ ალი ბისულტანოვს შეხვდება. მოგების შემთხვევაში კი, უნგრელ დავიდ ლოსონცის შეხვდება.
დღევანდელი დღე კი, ქართველმა მეტ-ნაკლებად წარმატებით დაწყო, ვინაიდან, ლაშა გობაძემ, ალჟირელი აზარა 1-1-ზე ბოლო ქულით დაამარცხა და 1/4 ფინალში ბულგარელ ნოვიკოვს დაუპირისპირდა. აქ, ჩვენებურმა, სამწუხაროდ, 8-3 წააგო და ბულგარელის იმედად დარჩა.
დღესვე, ქართველი კლასიკებიდან 67კგ წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძეც გამოდიოდა და ყირგიზ ამანტურ ისმაილოვთან 12-1 დამარცხდა. თავის მხრივ, ისმაილოვმა მომდევნო 1/4 ფინალური დაპირისპირება უკრაინელ მოჭიდავესთან, ნასიბოვთან წააგო 7-6 და ქართველს, დამამშვიდებელში გადასვლის იმედიც გაუქრო.
დღესვე, ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაიწყეს ქართველმა ძალოსნებმა. ფიცარნაგზე პირველი 61კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე შოთა მიშველიძე გამოვიდა. ქართველი ათლეტის გამოსვლამდე, ქართულ სოციალურ მედიაში გავრცელდა ცნობა, რო, 29 წლის ქართველს (მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი, ევროპის ჩემპიონატის ორგზის ოქროს, ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი), მხრის ტრავმამ შეახსენა თავი. მიუხედავად ამისა, მიშველიძემ იასპარეზა, წონასთან ორ-ორი მისვლის შემდეგ, ატაცში 121 კგ, აკვრაში 135კგ დააფიქსირა და ჯამში დაგროვებული 256 კგ-ით, 12 მონაწილეს შორის მე-6 ადგილი დაიკავა.
სეოკ-ის ფოტოები / ლაშა კუპრაშვილი