პასუხისმგებლობა, რომელიც ხვალინდელ დღეს ფეხბურთზე მეტია
პასუხისმგებლობა, რომელიც ხვალინდელ დღეს ფეხბურთზე მეტია
07.08.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, თბილისის დროით 20:00, მიხეილ მესხის სტადიონზე, დედაქალაქის „იბერია 1999", სტამბოლის „ბაშაქშეჰირს" უმასპინძლებს. ტრადიციულ, მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე, ისევე, როგორც უეფა-ს ევროპა კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წინ, ამჯერადაც, გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე და გიორგი კოხრეიძე გამოვიდნენ. სხვათა შორის, „კოხრე", ქართული გუნდიდან ის ფეხბურთელია, რომელიც სტუმრებმა პერსონალურად გამოჰყვეს.

„მეტოქე გუნდის მთავარი მწვრთნელის კომენტარი, რომ ჩემს თამაშზე აქცენტს გააკეთებენ, არაა ცუდი (ეცინება). ჩვენი გუნდისთვის ეს პლიუსია. სიტყვაზე, მე თუ სამი კაცი გამომეკიდება, ეს ნიშნავს, რომ სხვა პოზიციებზე სივრცეები გაჩნდება და ეს გუნდისთვის გაცილებით უკეთესია. ჩვენს გუნდში, მარტო მე არ ვარ გამორჩეული და დანარჩენი ხვალ ვნახოთ",  - ამბობს გიორგი კოხრეიძე.


ლევან კორღალიძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ფეხბურთელები მოახერხებენ ხვალ თამაშს. არც ის უთქვამს, მისცემს თუ არა კლუბის ახალწვეულს, თორნიკე ახვლედიანს სათამაშო დროს, ან საერთოდ, დააწყებინებს თუ არა მას სასტარტო შემადგენლობიდან. ფაქტია, რომ დღეს, გუნდთან ერთად, ივარჯიშა ბაქარ ქარდავამ, რომელსაც ტრადიციულად თამაშებში საკმაოდ დიდი ჯაფა ადგამს და „თელავთან" ეროვნული ლიგის თამაშში, მწვრთნელებს მისი დასვენება მოუხდათ.


„მეტოქე კარგად შევისწავლეთ, გავაანალიზეთ მატჩები - არაერთ თამაშს ვუყურეთ, როგორც კონფერენს ლიგის ასევე, თურქეთის ჩემპიონატის. იდეალური გუნდი არ არსებობს. გავაანალიზეთ სუსტი, ისე ძლიერი მხარეები და შევეცდებით, რომ ბიჭებთან ყველაფერი მაქსიმალურად სწორად მივიტანოთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ, ამას კარგად გამოვიყენებთ. ბუნებრივია, მწვრთნელის გადმოსახედიდან, კონკრეტულად რაზე ფიქრობს და პირველი თამაშებიდან დაწყებული, რის შეცვლას აპირებს მიჭირს ლაპარაკი. ერთი ვიცი, ჩვენი გუნდის მხრიდან რა არის გასაკეთებელი და ამის გაკეთებას, მაქსიმალურად შევეცდებით.


მთავარია არის ჩვენ წინასწარ გამოვიცნოთ, რა სცენარით გაგრძელდება თამაში, თორემ თამაშის მერე რა მოხდება, ყველა კარგად დავინახავთ. მოწინააღმდეგე, ძალიან ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენ შეგვწევს იმის ძალა, რომ დიდი წინააღმდეგობა გავუწიოთ, ასეთი დონის გუნდს, როგორიც არის „ბაშაქშეჰირი" და გავახაროთ გულშემატკივარი. დარწმუნებული ვარ, რომ საბრძოლოდ გამოვალთ", - ამბობს ლევან კორღლიძე.


ფეხბურთში, გარემოებები ზოგჯერ „შენზეა დამოკიდებული, მაგრამ ზოგჯერ არა", - ამის შესახებ დღეს, ლევან კორღალიძემ განაცხადა. თუმცა, ხვალინდელ შეხვედრაში, ქართულ გუნდს, განსაკუთრებული მიზეზი აქვს, ყველა გარემოებებს ზევით დადგეს.


 „ხვალ არა მარტო საფეხბურთო პასუხისმგელობა გვეკისრება „იბერიას", არამედ ემთხვევა 8 აგვისტოს, თარიღს, რომელიც ქართველებისთვის სენსიტიურია. ამიტომ, აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნა, ვეცდებით არ შევარცხვინოთ, ვიყოთ დამაჯერებლები და გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი" - ამბობს ოთარ კორღალიძე, „იბერია 1999"-ის მთავარი მწვრთნელი.


ჩვენი ინფორმაციით, ხვალინდელ მატჩზე დასასწრები 5000-ზე მეტი ბილეთია. ბუნებრივია, მიხეილ მესხის 25000-იან სტადიონზე ზღვაში წვეთია, თანაც ბილეთის ფასი, მხოლოდ 5 ლარია. შესაძლოა, ახლა კონკრეტული, ხვალინდელი საფეხბურთო მატჩიდან მცირე გადახვევაა, მაგრამ როდესაც ქართულ გუნდებს კატეგორიულად ვთხოვთ ევროტურნირების ჯგუფს, ალბათ, ტრიბუნაზე ევროტურნირებზე მოასპარეზე გუნდების ქომაგების მაგალითით ჩვენც, საქართველოშიც უნდა ვიხელმძღვანელოთ და არა მხოლოდ ევროტურნირებზე. ის, რომ გულშემატკივარი მე-12 მოთამაშეა, ამაში ევრო 2024-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშითაც დავრწმუნდით.


„გულშემატკივარი ყველაზე კარგი მოტივატორია. ვთხოვ, გულშემატკივარს, რომ მოვიდნენ და გვიქომაგონ, რადგან ერთადერთი ქართული გუნდი დავრჩით ევროტურნირებზე. ხვალინდელ თამაშში ჩვენი კოზირი ბურთს ფლობაა და სახლში უნდა მოვიგოთ. სხვა შედეგი არ მიიღება ჩვენთვის მისაღები არაა", - ამბობს გიორგი კოხრეიძე.


„იბერია 1999"-სა და „ბაშაქშეჰირის" დაპირისპირება ხვალ 20:00 საათზე დაიწყება. თამაშის დაწყებამდე, ქართველი გულშემატკივრის წინ, ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებული, ლაშა ბექაური, რამდენიმე დღის წინ, პარიზის 2024 წლის თამაშებზე მოგებულ მედალს წარადგენს. ოლიმპიურ ჩემპიონთან შეხვედრა სტადიონზე 19:45 საათიდან დაიწყება.


#ევროტურნირები