ქართველები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე
ქართველები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე
05.08.2024
ავტორი: TSFF.Ge

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე 28 ქართველი სპორტსმენიდან, მედლების მოგების შანსი მხოლოდ ორ სახეობაში, თუ ჭიდაობას ცალ-ცალკე ჩავთვლი ბერძნულ-რომაულსა და თავისუფალში, ასევე ძალოსნობაში დარჩა. ჩვენი გუნდიდან, სპორტულ სარბიელზე, მხოლოდ 10 სპორტსმენიღა შეეცდება მედლების მოგებას - რამაზ ზოიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67 კგ),  ლაშა გობაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 87 კგ), რობერტ კობლიაშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 97 კგ), გოდერძი ძებისაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 65 კგ),  ვლადიმერ გამყრელიძე (თავისუფალი ჭიდაობა, 86 კგ), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 97 კგ), გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა, 125 კგ), შოთა მიშველიძე (ძალოსნობა, 61 კგ), ირაკლი ჩხეიძე (ძალოსნობა, 102 კგ) და ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა, + 109 კგ).

სახეობებისა და წონითი კატეგორიების შესაბამისად, ქართველებისთვის, ხვალიდან 6 აგვისტოდან განახლდება ასპარეზობა. მანამდე კი, საქართველოს სპორტის სამინისტრო, პარიზის ოლიმპიურ თამაშების მომსახურე ქართველ მსაჯებზე ავრცელებს ინფორმაციას.


„მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე, ოლიმპიადაზე, ქართველი სპორტსმენების გარდა იმყოფებიან ქართველი არბიტრებიც. ზედიზედ მესამე ოლიმპიადაში მიიღეს მონაწილეობა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ვლადიმერ ნუცუბიძემ (ძიუდო), მსაჯებმა რუსუდან ხოფერიამ (ბატუტზე ხტომა) და ილია გიორგაძემ (სპორტული ტანვარჯიში). ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ პარიზში იმსაჯებს ელისო ბედოშვილიც (მხატვრული ტანვარჯიში).


მსოფლიოს ჭიდაობის გაერთიანებამ პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მომუშავე მსაჯთა შორის დაასახელა უმაღლესი საერთაშორისო კატეგორიის ქართველი არბიტრი ზაზა ჯიბლაძეც. ის ოლიმპიადაზე პირველად იმსაჯებს. აღსანიშნავია, რომ  დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ედიშერ მაჩაიძისა და თემურ ყაზარაშვილის შემდეგ ზაზა ჯიბლაძე იქნება მესამე არბიტრი, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე მოჭიდავეთა შეხვედრებზე იმსაჯებს.


აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე ძიუდოში ორთაბრძოლებს უძღვებოდა ქართველი დიქტორი გიორგი ჭანიშვილი. ის ერთადერთი ქართველი დიქტორია, რომელიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებს გაუძღვა", - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ჩვენი სახელით, აქვე დავამატებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის, IJF-ის სახელით ქართველო სპორტული ფოტოგრაფი, თამარ ყულუმბეგაშვილი მუშაობს.



ფოტო: სპორტის სამინისტრო