პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საასპარეზო, ქართული გუნდიდან მხოლოდ მოჭიდავეებსა და ძალოსნებს დარჩათ. დღეს, პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა ქართველმა მოკრივემ ლაშა გურულმა, რომელმაც 1/2 ფინალში გასვლით, სიდნეის ოლიმპიური თამაშების (2000) შემდეგ პირველად, საქართველოს კრივში, ოლიმპიური ბრინჯაოს მედალი მოაგებინა.
აღსანიშნავია, რომ 2008 წლის შემდეგ, ქართველ სპორტსმენებს რამდენიმე სახეობაში, კერძოდ, ჯუდოში, ჭიდაობისა და ძალოსნობის ჰქონდათ მედლები მოგებული. ლაშა გურულმა კი, სადებიუტო ოლიმპიადაზე ქართული გუნდის ოლიმპიური მედლების სახეობების რიცხვი ერთით გაზარდა.
63.5 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრების ლიდერი, ლაშა გურული, დღეს გამართულ 1/2 ფინალში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტ კუბელ ერისლანდი ალვარეს შეხვდა და სამწუხაროდ, დამარცხდა.
გამომდინარე იქიდან, რომ 1/2 ფინალში გასვლით გურულს უკვე განაღდებული ჰქონდა ბრინჯაოს მედალი, ის პარიზში რჩება, სადაც 7 აგვისტოს, ფინალური დაპირისპირების დასრულების შემდეგ, აღნიშნულ წონაში გამარჯვებულთა და პრიზიორთა დაჯილდოება შედგება.
ფოტო: სეოკ-ი