ერთ თვეში, საქართველოს ქალთა შორის ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი" უეფა-ს 2024-2025 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება. მამაკაცთა ტურნირისგან განსხვავებით, ქალთა გათამაშებაში, ქვეყნის ჩემპიონს, თავდაპირველად, ჯგუფურ ეტაპზე მოუწევს ასპარეზობა და მე-2 ჯგუფში, ავსტრიის „სტ. პოლტენთან", ალბანურ „ვლაჟნიასთან" და მეზობელი აზერბაიჯანის, ბაქოს „ნეფთჩისთან" დაპირისპირებაში შეეცდება მომდევნო ეტაპის საგზურის მოპოვებას.
ტურნირის ფორმატით, გუნდები მინი-ტურნირებში ითამაშებენ. ქართულმა მხარემ, უეფა-დან აღნიშნული ტურნირის საქართველოში „წამოღებაც" მოახერხა და თამაშებს 4 და 7 სექტემბერს, ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის და წყალტუბოს სტადიონები უმასპინძლებს. ჩვენ იმედს, ვიტოვებთ, რომ ქართული ქალთა კლუბის საქომაგოდ, იმერლები, მეზობელ გურულებთან ერთად დაირაზმებიან და „ლანჩხუთს" სახლის ფაქტორის გემოს სტუმრებს კი, შესაბამისს სტატუსს აგრძნობინებენ. მიუხედავად იმისა, რომ 7 სექტემბერს, თბილისში, ეროვნულ ნაკრებს მოუწევს თამაში და არაა გამორიცხული, უეფა-ს მიერ განკუთვნილი სათამაშო დროები დაემთხვეს.
საქართველოს ჩემპიონმა, აღნიშნული ტურნირისთვის უკვე დაიწყო მზადება. გუნდი, 1 აგვისტოდან, გვიმბალაურშია, სფფ-ის საფეხბურთო ცენტრში ვარჯიშობს. ზაფხულის შესვენების დროს „ლანჩხუთში" სატრანსფერო სიახლეებიცაა. კერძოდ, თურქული „თრაბზონსფორიდან" დაბრუნდა თეონა ბაქრაძე, ქალთა შორის ერთ-ერთი გამოცდილი ფეხბურთელი და გოლეადორი. ქართული ჩემპიონატებიდან, ქალთა ლიგა 2-ში მოასპარეზე „სამეგრელოდან" გურულების გუნდს შეუერთდა, კოლუმბიელი პაულა კიროგა. ქალთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ვიცე-ჩემპიონი გუნდიდან „ნიკე-ლუსოდან" კი, „ლანჩხუთში" ოთხი ფეხბურთელი გადავიდა - ვანესა ფრანკო გირალდო (კოლუმბია), იამურ სინემ იალვაჩი (თურქეთი), ანა მარია გუერეირო ბეჟა (პორტუგალია) და ლესლი სტეფანი რამირესი (აშშ), რომელიც სხვათა შორის, საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოა გატანილი გოლების რაოდენობით.
ჩვენი ინფორმაციით, ქართულ კლუბში, ამ მომენტისთვის ახალ ლეგიონერებთან ერთად, კვლავ ირიცხებიან ჰანა მარი რასელი (აშშ) და ანა მილჩევსკა (მაკედონია), რომელიც საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებისა და ჩრდ. მაკედონიელების დაპირისპირებებიდანაც ემახსოვრება ქართველ გულშემატკივარს.
აქვე შეგახსენებთ, ლეგიონერებისა და „თრაბზონსფორიდან" დაბრუნებული თეონა ბაქრაძის გარდა, „ლანჩხუთში" ირიცხებიან მეკარეები თეონა სუხაშვილი და ეკა თაბაგარი, ასევე ნინო გუჯაბიძე, ნინო ჩხარტიშვილი, მარიამ კალანდაძე, სოფო ნარსია, ლანა გორგაძე, ანა წულაია, ეთერ სულაშვილი, გვანცა ქადაგიშვილი, ლელუ ჭიჭინაძე, მარიამ კაპანაძე, ირინა ხაბურძანია, ანა გობრონიძე და თამუნა თავდიშვილი.
და ბოლოს გეტყვით, რომ ქალთა შორის ეროვნული ჩემპიონატის განახლება, როდესაც ზედა და ქვედა ჯგუფები, შესაბამისად ტიტულისთვის და ქალთა ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებენ, სექტემბრიდან იგეგმება. შესაბამისად, ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, რამდენად სათამაშო ტონუსში შეხვდება გუნდი გათამაშებას რთული სათქმელია. ჩვენი ინფორმაციით, გიორგი ჩხაიძის „ლანჩხუთს", ამ ეტაპზე არც მოსამზადებელი სპარინგები აქვს ჩანიშნული.
ფოტო: ქსკ „ლანჩხუთი"