მერვე დღე - გუნდური და დასანანი
მერვე დღე - გუნდური და დასანანი
03.08.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ფსიქოლოგიურად საკმაოდ დატვირთული შვიდი დღის შემდეგ, დღეს, პარიზში, შერეულ გუნდურ ასპარეზობაში პირველად იასპარეზა ქართულმა გუნდმა. ბუნებრივია, ვიღაც შესაძლოა შემოგვედავოს, რომ ასე, ოლიმპიურ თამაშზე ყველას „შვიდი დატვირთული დღე ჰქონდა", თუმცა, იმ გუნდებიდან, რომლებიც დღეს ასპარეზობდნენ, მეეჭვება, რომელიმე ქვეყნის ჯუდოკას, იმდენი უსამართლობა გადაეტანა, რასაც ქართველები გადააწყდნენ. თუნდაც, გუშინ, +100 კგ წონით კატეგორიაში მომხდარისა და შემდეგ, მასზე მოყოლილი სანქციების შემდეგ, ჩემი გადმოსახედიდან, მთლიანად ფედერაციას უნდა გამოეთქვა პროტესტი და მიუხედავად, იმისა, რა სახის სანქცია ემუქრებოდათ, „კაცობა" ასე უნდა დაეცვათ და არა განცხადებებით. თუმცა, ეს არც ჩემი გადასაწყვეტი იყო და ალბათ, ახლა იმაზეც დაიწყებენ ლაპარაკს, რომ ქალი ამდენის ლაპარაკს არ უნდა ბედავდეს.

ალბათ, უმრავლესობაც შერეულ გუნდურ ასპარეზობაში, ყველაზე ნაკლებად ქალებისგან აღებულ ქულებს ელოდნენ, თუმცა, 45 წამში, სადებიუტო გუნდურ ასპარეზობაში, პირველი ქულა და თან ულამაზესი იპონით სწორედ ქალმა, ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა ქართულ გუნდს. საერთოდ, ჩვენი გუნდის სამივე გოგონას, ლიპოს გარდა, ეთო ასკილაშვილს და სოფო სომხიშვილს არ მგონია ვინმემ მონდომება, ბრძოლისუნარიანობა და შემართება დაუწუნოს.


იმავე თვისებებს ვერც ბიჭებს დავუწუნებთ, თუმცა, ისევ და ისევ პირადად მე, მომეჩვენა, რომ ბიჭები უფრო გაღიზიანებულები იყვნენ და ამისთვის საბაბი ჰქონდათ. აქ დასკვნა, მავანმა, გუშინ გურამ თუშიშვილის გაღიზიანებით საკმაოდ დიდი საქმე გააკეთა და მედლებისთვის ერთ-ერთი კონკურენტი გუნდი, რეალურად ფსიქოლოგიურად გათიშა!


რაც შეეხება ბიჭების გამოსვლებს, რთულად, მაგრამ ლაშა ბექაურმა და ილია სულამანიძემ იპონებით მოიგეს და საბოლოოდ, დამატებითი დროში მებრძოლიც „ლოტოტრონმა" შეარჩია. აქ, ლაშა შავდათუაშვილს მოუწია, რომელსაც დღევანდელი გუნდური ასპარეზობის დღეს, პირველი შეხვედრა წაგებული ჰქონდა. სამწუხაროდ, თანამდროვე ქარული ძიუდოს ლეგენდამ, მეორე დაპირისპირებად დათმო და საბოლოოდ, ჩვენმა გუნდმაც 3-4 წააგო იტალიის ნაკრებთან.


ჩვენები ასპარეზობას 1/8 ფინალიდან გამოეთიშნენ, მომდევნო ეტაპზე კი იტალია გავიდა, რომელმაც თავის მხრივ უზბეკეთს მოუგო 4-2 და 1/2 ფინალში გავიდა. აქ, იტალიელები უკვე, ფრანგებს დაუპირისპირდნენ და ოლიმპიური თამაშების მასპინძელ ფრანგებთან  4-1 დამარცხდნენ. იტალიელები ოლიმპიური ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ. საფრანგეთის შერეული გუნდი კი, მსაჯებთან ერთად იაპონიის საკმაოდ კარგ გუნდს შეებრძოლება ოლიმპიური ოქროსთვის.


იხილეთ განახლებადი ბმული



ფოტო: სპორტის სამინისტრო / ხატია ჯიჯეიშვილი