მეშვიდე დღე - ლეგენდა, სტაჟიანი და დებიუტანტი
მეშვიდე დღე - ლეგენდა, სტაჟიანი და დებიუტანტი
02.08.2024
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ჯუდოს დარბაზის გარდა ქართველები კიდევ სამ სხვადასხვა სახეობაში შეეცადნენ ოლიმპიური მედლების მოპოვებას. თუმცა, სამწუხაროდ, ყველგან მოგვეცარა ხელი. თუმცა დავიწყოთ, ყველაზე სტაჟიანებით.


ტყვიის სროლაში დღეს, ქართული და შეიძლება თამამად ითქვას, მსოფლიო სპორტის ლეგენდა, ნინო სალუქვაძე ასპარეზობდა. თავის მე-10 ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა 25 მეტრი დისტანციიდან პისტოლეტით სროლაში სამწუხაროდ კვალიფიკაციის დაძლევა ვერ მოახერხა. სალუქვაძემ, 563 ქულა დააგროვა და მე-40 ადგილით დაასრულა ასპარეზობა. ვეტერანმა კვალიფიკაციის გადალახვა ვერ მოახერხა ვეცრ ამ და ვერც 10 მეტრიდან სროლის დისციპლინაში, თუმცა, ისტორიაში, ქალთა შორის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაში რეკორდი დაამყარა.


მეოთხე ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა ბატუტზე მხტომელმა ლუბა გოლოვინამ, რომელმაც გემახსოვრებათ, წინა, ტოკიოს ოლიმპიური თამაშები, ბიუროკრატიული დაუდევრობის გამო გამოტოვა. ამჯერად კი, ქართველმა ათლეტმა, ფინალურ ჯგუფში მოხვედრა ვერ მოახერხა, თუმცა, საკვალიფიკაციო გამოსვლისას, პირველი მცდელობის შემდეგ, 53,620 ქულით მე-9 ადგილზე იყო და ალბათ ცოტა გამართლებაც რომ ყოფილო, ნაადრევად ასპარეზობას არ გამოეთიშებოდა. გოლოვინა მესამე სასტარტო ნომრით გამოდიოდა და შესაბამისად მის შემდგომ კიდევ იყო საკმაოდ ბევრი გამომსვლელი. მეორე მცდელობისას ლუბამ ელემენტების გართულა, თუმცა, სხვა კომპონენტში დააკლო და შესაბამისად, საბოლოოდ, მე-11 ადგილზე აღმოჩნდა 53,460ქულით და საბოლოოდ, ორი მცდელობის ჯამში, რაც ავტომატურად, საუკეთესო 8 სპორტსმენს მიღმა დარჩენას ნიშნავდა.


ე.წ. „ველური ბარათით" მოხვდა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მძლეოსანი ლიკა ხარჩილავა. ქართველი, 100 მეტრზე რბენაში ასპარეზობს და მისი საუკეთესო დრო 12.16 წამია. რეიტინგში კი, ჩვენებური ოლიმპიურ თამაშებამდე 2000 სპორტსმენს მიღმა არის. ერთი საინტერესო და ყურადსაღები დეტალი - საქართველოში, რომელსაც უძლიერესი ქალი მძლეოსანი მაია აზარაშვილი გვაქვს, სპორტის ეს სახეობა არც პოპულარულია (არადა ადრე ასე ნამდვილად არ იყო) და არც სათანადო ხელშეწყობა აქვს. უფრო მეტიც, სახეობის შესახებ და არა მხოლოდ სირბილში, ინფორმაცია, იმდენად მწირია, რომ მასზე საუბარი და საერთაშორისო  მედიის წარმომადგენლებს გვიჭირს. რაც შეეხება ოლიმპიურ თამაშებს, ქართველმა საკვალიფიკაციო გარბენში, ფინიში მეხუთემ გადაკვეთა და სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე 12.37 წამი დააფიქსირა. ბუნებრივია, ეს არც მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად აღმოჩნდა საკმარისი და არც ხარჩილავას საუკეთესო შედეგი იყო, თუმცა, სადებიუტო ოლიმპიადაზე, ქართველმა საერთო ჩათვლაში, 36 მონაწილეს შორის მე-20 ადგილით დაასრულა ასპარეზობა (საბოლოო შედეგები) და საბოლოოდ ოლიმპიურ ჩემპიონთან ჩამორჩენამ 1.03 წამი შეადგინა, თუმცა, ეს ამ სახეობაში საკმაოდ დიდი დროა.


ცნობისთვის, ქალებს შორის მსოფლიო რეკორდი 10.49 წამია 100 მეტრზე სირბილში და 1988 წლის 16 ივლისს არის დამყარებული. რაც შეეხება ოლიმპიურს, ის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების დროსაა დამყარებული და 10.61 წამს შეადგენს.


ფოტო: სპორტის სამინისტრო / ხატია ჯიჯეიშვილი

რედაქტირებულია მძლეოსნობის შეჯიბრის დასრულების შემდეგ